მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოვა თუ არა კრიპტობირჟა Bybit-ი საქართველოში? - CEO-ს პასუხი

ბაიბიტი

“მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში ვოპერირებთ და რომელ ქვეყნებში მოვიპოვებთ ლიცენზიებს, ამას ძალიან სტრატეგიულად ვარჩევთ” - ამის შესახებ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ბენ ჟოუ, კრიპტობირჟა Bybit-ის CEO, საუბრობს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ Bybit-ი რომელიმე ქვეყანაში შევიდეს, ორ ფუნდამენტურ საკითხს აქცევს ყურადღებას.

“მნიშვნელოვანია რეგულაციები, რომლებიც კრიპტოსექტორისთვის მოქმედებს. ბევრი ადამიანი ამ სფეროს თაღლითობად მიიჩნევს, ამიტომ გვინდა ვიმუშაოთ მარეგულირებლებთან, რომლებიც ჩვენს პოტენციალს ხელს შეუწყობენ. რეგულაციების მიხედვით ვარჩევთ ზოგად არეალს, სადაც შემდგომ შევალთ, რაც ევროკავშირის შემთხვევაშიც მოხდა.

შემდეგი, რასაც ვუყურებთ ისაა, როგორაა კრიპტო-ლიცენზირება სტრუქტურირებული. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში მარეგულირებლები ცენტრალურ ბანკთან მჭიდრო კავშირში არ არიან, რაც ტრანზაქციებისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ცენტრალურ ბანკებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, რადგან, თუ გექნება ლიცენზია, მაგრამ საბანკო სისტემა ხელს არ გიწყობს, მაშინ რაღა აზრი აქვს?!” - ამბობს Bybit-ის ხელმძღვანელი.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა Bybit-ი ქართულ ბაზარზე შემოსვლას, მისი თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ეს მომავალში, შესაძლოა, კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილი გახდეს.

“საქართველოში პირველად ვარ და ვფიქრობ, ამ მოგზაურობამ ცხადყო, რომ საქართველოს კრიპტოპოლიტიკა ძალიან მარტივია. აქ რეგულატორი ეროვნული ბანკია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც ეტაპზე, კომერციული ბანკებიც დაუჭერენ მხარს კრიპტოსექტორს.

ჩვენ აზიის რეგიონებში დიდი გავლენა გვაქვს და გვინდა, რომ საქართველო რეგიონალური ჰაბი გახდეს, რომელიც მთელ კავკასიის რეგიონზე იქონიებს გავლენას. საქართველოში შემოსვლა ჩვენთვის სტრატეგიული იქნებოდა, მთავარია ცენტრალური ბანკის მხარდაჭერა გვქონდეს”, - ამბობს ბენ ჟოუ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები