„6 წელია, ეს საკითხი ვერაფრით ვერ გადაწყდა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტში შემოვლითი რკინიგზის თემას ეკონომიკის ყოფილი მინისტრი.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს შემოვლით რკინიგზაზე უამრავი თანხა დაიხარჯა, თუმცა პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.
“ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. შესაძლებელია ეს თემა კიდევ ერთხელ გადაიხედოს, ეს კი, დღეს ერთადერთი გამოსავალია. თუ ჩვენ ჩამოვწერეთ ეს პროექტი - 200 მილიონი უნდა ჩამოვწეროთ ბიუჯეტიდან, ეს კი მარტივი საკითხი არაა ჩვენი ეკონომიკისთვის. უნდა დავუსვათ ამ საკითხს წერტილი; 6 წელია, ეს თემა ვერ მოგვარდა“, - აცხადებს ქობულია.
შეგახსენებთ: თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 2010 წელს დაიწყო, 2013 წელს შეჩერდა. მშენებლობის შეჩერების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად პროექტის არარენტაბელურობა დასახელდა.
ამასთან, პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისში უნდა მომხდარიყო ცენტრიდან რკინიგზის გადატანა თბილისის ზღვის ჩრდილოეთით. უქმდებოდა რკინიგზის ცენტრალური სადგური და რჩებოდა ორი სამგზავრო სადგური: აღმოსავლეთი სადგური ამჟამინდელი საკვანძოს (ნავთლუღის) ადგილზე და დასავლეთის სადგური დიდუბეში.

























