მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შემთხვევების 50% ბავშვებზე მოდის“ - რამდენი მოქალაქე დაშავდა პიროტექნიკით?

ქაშიბაძე

მიმდინარე საახალწლო სეზონზე პიროტექნიკით დაზარალებული მოქალაქეების რაოდენობა შემცირდა, თუმცა როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, დღემდე დაზარალებული მოქალაქეების ნახევარი ბავშვებზე მოდის. შემთხვევების 47%-ში მარჯვენა ხელი ზიანდება, რომელსაც თვალები და სახე მოჰყვება.

„მედიასთან ერთად ნელ-ნელა უკეთეს მაჩვენებლებზე გავედით. ჩვენდა სასიხარულოდ წელს შედარებით შემცირებულია პიროტექნიკით დაზიანებული მოსახლეობის რაოდენობა, თუმცა გარკვეული სერიოზული შემთხვევები მაინც ფიქსირდება. ამ წუთისთვის ორი ბავშვი გვიწევს დამწვრობის ცენტრში, ერთს სახე აქვს დამწვარი, მეორე უფრო რთულია, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და უახლოეს პერიოდში გაეწერება სახლში.

შემთხვევების რაოდენობა ზრდასრულ მოსახლეობასა და ბავშვებს შორის თანაბარია - 50-50% გვაქვს. უმეტესად ბავშვებში ზიანდებიან ბიჭები. შემთხვევების 47%-ში ზიანდება მარჯვენა მტევანი, შემდეგ მოდის სახე და თვალები, მარცხენა ხელი, რომელსაც მოჰყვება გულმკერდი და მუცლის არეა", - განმარტა ქაშიბაძემ.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი დაზიანების გამომწვევ მიზეზებსაც ასახელებს: "პირველ ადგილზეა გაუფრთხილებლობა, არასწორი გამოყენება, თუმცა შეიძლება წესები ზედმიწევნით დავიცვათ, მაგრამ მაინც მოხდეს აფეთქება და სერიოზული დაზიანებები. მარტო დამწვრობაზე არ არის საუბარი, აქ შეიძლება იყოს თვალის დაზიანება, თითების ამპუტაცია.

ყველაზე უსაფრთხო მაშხალა ის არის, რომელსაც არ ვიყენებთ და ჯობია სხვა ტრადიცია განვავითაროთ, შორი დისტანციიდან ან ტელევიზორიდან შეგვიძლია ვუყუროთ ფეიერვერკს. ყველას ჰგონია, რომ ეს მას და მის ოჯახს არ დაემართება. ჩვენი ოჯახი აივანზეც კი არ გავდივართ, იმიტომ რომ ესეც არ არის უსაფრთხო.

მშობლებმა და ბავშვებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არ არის სათამაშო. რაც არ უნდა ლამაზად იყოს პიროტექნიკა შეფუთული, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი.“ - განაცხადა ქაშიბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები