მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებული სავაჭრო ბრუნვა და FDI - როგორია საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები?

ირაკლი კობახიძე

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის შემდეგ ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომართ თოყაევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მათი შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.

ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით, BM.GE ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური კავშირები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული ტენდენცია წარმოედგინა.

ვაჭრობა

2026 წლის იანვარ-მაისი ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვა 30.8%-ით 252.6 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. აქედან, ექსპორტმა 2018.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34% კლებაა, ხოლო იმპორტმა 34.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება მცირედი 0.3%-ია.

რაც შეეხება ექსპორტირებულ სასაქონლო ჯგუფებს დეტალურად TOP-5 ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 163.8 მლნ აშშ დოლარი ამ შემთხვევაში კლება 71%-ია [კლება ძირითადად სწორედ ამ კონკრეტულის ხარჯზე მოდის;
  2. მინერალური და მტკნარი წყლები - 15.7 მლნ აშშ დოლარი;
  3. ტკბილი გაზიანი სასმელები - 12.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - 7.04 მლნ აშშ დოლარი;
  5. თევზი გაყინული - 4.2 მლნ აშშ დოლარი.

ყაზახეთიდან იმპორტირებული TOP-10 სასაქონლო ჯგუფი

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4.1 მლნ აშშ დოლარი;
  2. საშუალებები თმებისთვის - 2.9 მლნ აშშ დოლარი;
  3. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 2.3 მლნ აშშ დოლარი;
  4. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - 2.2 მლნ აშშ დოლარი;
  5. ხორბალი - 1.8 მლნ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ვაჭრობა განსაკუთრებულად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების 2022 წლის შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული. 2025 წელს სავაჭრო ბრუნვა რეკორდულ $1 მილიარდს მიაღწია.

FDI

გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოში 161.1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი 473.7 ათასი აშშ დოლარის.

2025 წელს ყაზახეთიდან საქართველოში ინვესტიციები 47.3%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი კლება 91.2%-ია.

რაც შეეხება დინამიკას, საქართველოში ყაზახური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება 2005 წლიდან იწყება. ამ მხრივ ყველაზე მეტი FDI 2006 წელს შემოვიდა, რამაც $161 მილიონი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში არც ისე დიდია. 2023 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 36.2 მილიონი დოლარის პირდაპირი ყაზახური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2022 წლის FDI-ის 4 მილიონით აღემატება. 2024 წელს კი საქართველოს ეკონომიკაში ყაზახებმა 32.1 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩადეს.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს 5 თვეში ყაზახეთიდან საქართველოში 32.4 მლნ აშშ დოლარი ჩამოირიცხა.

გასული წლის სრული მონაცემები კი ასეთია:

  1. 2025 წელს - 83.7 მლნ აშშ დოლარი;
  2. 2024 წელს - 116.6 მლნ აშშ დოლარი;
  3. 2023 წელს - 198.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. 2022 წელს - 150.1 მლნ აშშ დოლარი;
  5. 2021 წელს - 61.7 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება გადარიცხვებს, საქართველოდან ყაზახეთში მიმდინარე წელს 7.4 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა. გასულ წელს კი ჯამურად 16.6 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმი

მიმდინარე წელს ყაზახეთი საქართველოში ტურისტული ვიზიტების მიხედვით მე-7 ადგილზეა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ყაზახეთის 21 583 მოქალაქე სტუმრობდა, რაც 0.2%-ით ნაკლებია გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

გასული წლის ჯამური მონაცემით კი ყაზახეთი ტურისტების რაოდენობით მე-6 ადგილზე იყო 169 763 ვიზიტორით.

ირაკლი კობახიძე ყაზახეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები