მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემცირებული ტურისტული ნაკადები გაყიდვებზე უკვე აისახა, 5-6%-იანი კლება გვაქვს - ICR ჯგუფი

კახა ხაზარაძე

რიტეილ სექტორში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე შემცირებული ტურისტული ნაკადები გაყიდვებზე ნეგატიურად უკვე აისახება.

„ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე BMG-სთან ამბობს, რომ მათი ჯგუფის შემთხვევაში თებერვალ-მარტში გაყიდვები გეგმას 5-6%-ით ჩამორჩება, რის ერთ-ერთი მიზეზიც ახლო აღმოსავლეთიდან და აზიური ბაზრებიდან ტურისტების კლებაა.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები რიტეილ სექტორისთვის გამოწვევაა იმ ჭრილშიც, რომ თუკი კონფლიქტი და მისგან შექმნილი ლოგისტიკური გამოწვევები უფრო დიდხანს გაგრძელდა, ეს საბოლოოდ იმპორტირებულ პროდუქციასაც გააძვირებს.

„გლობალური პრობლემები, რა თქმა უნდა, აისახება საცალო ვაჭრობაზეც. თებერვალი-მარტი პასიური იყო. ორი ფაქტორი არის აქ. პირველი - გლობალური პრობლემები, რაც ირანის ომს ეხება, იმიტომ რომ საზოგადოება სტრესშია, ტურისტული ნაკადიც შემცირდა და შესაბამისად, ეს ვაჭრობაზეც აისახება. იმ ტურისტების რაოდენობა, რომელიც საყიდლებზე ჩამოდიოდა, უფრო ნაკლებია.

ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია გვაქვს, თებერვალი-მარტის კვალობაზე კლება 5-6% გვაქვს. დაგეგმილთან შედარებითაა კლება, წინა წელთან შედარებით არ გვაქვს კლება, წინა წელს ვიმეორებთ, მაგრამ ჩვენ ზრდა გვქონდა დამატებული და ამიტომ 5-6%-იანი კლება გვქონდა დაგეგმილთან შედარებით. გაყიდვებზე ნეგატიურად აისახება ამინდიც, რადგან ფაქტობრივად ამინდის გამო, [გაზაფხულის] სეზონის დაგვიანებაა.

თუ ასე გაგრძელდა, შესაბამისად, ეს ლოგისტიკურ პრობლემასაც შექმნის, იმიტომ რომ საწვავის გაძვირება ყველაფრის გაძვირებას იწვევს, რაც პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება. პროდუქციიის 80-70%-ის იმპორტი საქართველოში აზიური ქვეყნებიდან ხდება, თუ მათ პრობლემა შეექმნებათ და გაუძვირდათ, ავტომატურად ეს მერე საქართველოშიც აისახება და ავტომატურად ინფლაციასაც გამოიწვევს”, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები