„(მიხეილ) გიორგაძის და მისი გუნდის მოღვაწეობის პერიოდი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური და ბნელი ქართული კულტურისათვის,“ - ასე ეხმაურება Bravo Records-ის პრეზიდენტი ზაზა შენგელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვების საკითხს. ზაზა შენგელია ძირითადად გიორგაძის კულტურის მინისტრობის პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში კორუფციას და ნეპოტიზმს ჰქონდა ადგილი.
„ეს პერიოდი ქართული კულტურისათვის ზიანისმომტანი იყო, რადგან მათ ძირითადად საკუთრი ფესტივალი და ბიზნეს-პროექტები აინტერესებდათ და დაკავებული იყვნენ კორუფციით, ნეპოტიზმით. არ დარჩენილა არცერთი სფერო, სადაც მათ პრობლემები არ ჰქონდათ. მაგალითად, თეატრის მოღვაწეთა ხელფასების კლება მაშინ, როდესაც აპარატში საოცრად დიდი პრემიები და დანამატები გაიცემოდა.
ასევე ფილარმონიის თემა, რომელიც მათი უხეირო მენეჯმენტობის გამო დგას და პრაქტიკულად ჩაკვდა ფილარმონიური ცხოვრება და იქ კონცერტის ჩატარებას გაზრდილი ფასების და არახელსაყრელი პირობების გამო ყველა ერიდება“ - განაცხადა შენგელიამ.
Bravo Records-ის პრეზიდენტი bm.ge-სთან საუბრისას კულტურის, განათლების და სპორტის სამინისტროების გაერთიანების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კულტურის სამინისტროს გაუქმება შეცდომა იყო.
„ამ ადამიანებმა კულტურის სამინისტროს როლი იმდენად დააკნინეს, რომ ერთი წლის წინ როდესაც კულტურის სამინისტრო გაუქმდა, რომ ამაზე საზოგადოებას პროტესტის გრძნობაც კი არ ჰქონია.
ეს რეალურად ძალიან დიდი შეცდომა იყო ვინაიდან, დღეს საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში თუკი რაიმე ხელს შეუწყობს ქართული მყოფადობის ხაზგასმას, ეს სწორედ ჩვენი კულტურაა და სწორედ კულტურაა ის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ დღეს თავი მოგვაქვს. თუ ვინმე ერთ პოზიტიურ ფაქტს დამისახელებს, რაც გიორგაძის მოღვაწეობას უკავშირდება, ხელს ავწევ. ასეთი სუსტი ხელმძღვანელობა კულტურის სამინისტროს არცერთ ეპოქაში არ ჰყოლია,“ - განაცხადა შენგელიამ.
ზაზა შენგელიას განმარტებითვე, 2016 წელს უამრავი რესურსი დაიხარჯა კულტურის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, რომელიც, მისი განმარტებით, მხოლოდ ქაღალდზე დაწერილ დომკუმენტად დარჩა.
„კულტურის განვითარების კონცეფციის მიღების შემდეგ ამას უნდა მოჰყოლოდა კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიღება, რომელიც კულტურის სფეროში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა,“ - განმარტა Bravo Records-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: მიხეილ გიორგაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.
მიხეილ გიორგაძე 1998 წლიდან 2014 წლამდე კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

























