2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან ქვეყნის 299,633 მოქალაქე გავიდა და 294,336 მოქალაქე შემოვიდა.
აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, რომლის თანახმად, გასულ წელთან შედარებით ქვეყნიდან გასული და შემოსული მოქალაქეების რაოდენობა შემცირებულია.
კერძოდ, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოს საზღვარი გადაკვეთა და ქვეყნიდან გავიდა 330,904 მოქალაქე, ხოლო შემოვიდა 336,506 მოქალაქე.
შსს-ს გამოქვეყნებული აქვს შენგენის ზონის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობასა და შესვლაზე უარის სტატისტიკაც.
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე (7,646) გერმანიაში გაემგზავრა, ხოლო შესვლაზე უარი 19 ქართველს ეთქვა.
გარდა ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოქტომბერში ქართველებისთვის პოპულარული მიმართულება იტალია იყო, სადაც საქართველოს 5,352 მოქალაქე გაემგზავრა, 47-ს კი - უარი ეთქვა. სამეულს საბერძნეთი ხურავს, სადაც ოქტომბერში 3,569 მოქალაქე გაემგზავრა, ხოლო 14-ს უარი ეთქვა.
გასვლების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების ხუთეულშია პოლონეთი, სადაც საქართველოს 3,059 მოქალაქე გაემგზავრა (19 მოქალაქეს უარი ეთქვა) და საფრანგეთი, სადაც ოქტომბერში 2,990 მოქალაქე წავიდა, 11-ს კი- უარი ეთქვა.
შსს-ს ცნობით, გასულ თვეში საქართველოს ყველაზე ცოტა მოქალაქე ისლანდიაში (6), სლოვენიაში (18), ნორვეგიაში (33), სლოვაკეთსა (36) და ლუქსემბურგში (40) გაემგზავრა.