რა ფერის უნდა იყოს შენობის სახურავი, როგორი უნდა იყოს სახლის ღობე და რა მასალებით უნდა მოპირკეთდეს ნაგებობა - მთავრობა მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შენობების ფასადების ესთეტიკურ მახასიათებლებს დაადგენს. შესაბამისი მოთხოვნები უკვე მზადაა და მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მშენებლობის ნებართვის აღება.
თბილისის გენერალური გეგმის ავტორი იზიარებს მოსაზრებას, რომ შენობების იერსახე მოსაწესრიგებელია, თუმცა მიიჩნევს, რომ შენობების ფასადების სტანდარტები მხოლოდ ზოგადი სარეკომენდაციო ხასიათის უნდა იყოს და ის არ უნდა ზღუდავდეს და ჩარჩოებში არ უნდა აქცევდეს არქიტექტორს, რომელიც პროექტზე მუშაობს.
“აქ აუცილებელია ერთ გარემოებას გაესვას ხაზი: ვერანაირი სივრცითი მახასიათებელი კონკრეტული პროექტის კვლევას და გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. ამით რისი თქმა მინდა - ცალკეულ უნიკალურ პროექტებზე, განსაკუთრებულ ობიექტებზე მუშაობისას, შეიძლება მე იმ სივრცითი მახასიათებლებით არ ვიარო.
ამ დოკუმენტში უნდა იყოს ჩანაწერი აუცილებლად, რომ დეტალურმა კვლევამ შეიძლება დადგენილი მახასიათებლები კონკრეტულ შემთხვევაში შეცვალოს ან ჩაანაცვლოს. ეს აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, იმიტომ რომ ცალკეულ განაშენიანებებში, ერთ ქალაქშიც კი, ერთ უბანს შეიძლება ჰქონდეს სხვა მახასიათებელი, მეორეს - სხვა. ეს რეგულაციები უფრო ზოგადი ხასიათის უნდა იყოს და მათ შორის სასურველია უფრო მეტად იყოს აქცენტი იმაზე გაკეთებული, თუ რა არ შეიძლება. ეს იმიტომ, რომ არქიტექტორებს არჩევანი ჰქონდეთ,”-ამბობს მერაბ ბოლქვაძე.




























