"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ესთეტიკური პარამეტრების სავალდებულო სარეგულაციო წესები დაინერგება, რომლითაც შენობების ფასადების, სახურავების, ღობეების მასალები და ფერები განისაზღვრება. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებისთვის ეს იქნება საბაზისო დოკუმენტი, რომელთაც თითოეული მათგანი გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელებს.
შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტზე მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. პროექტი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სხვა საჯარო, კერძო და სახელოვნებო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა.
ნინო ენუქიძის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მისი ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში ბიზნესისთვის ნებაყოფლობითი იქნება, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში მოპოვებულ ან წარმოებულ სამშენებლო თუ სხვა სახის მასალებს უპირატესობა მიენიჭება.
„ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების ისტორიული და კულტურული იდენტობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიულად ამ თუ იმ რეგიონში მოიპოვებდნენ სამშენებლო მასალებს და მათი მეშვეობით ხდებოდა დასახლებების ისტორიული იერსახის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ რეგულაციის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ხელოვნებათმცოდნეები, რომელთა რეკომენდაციების შედეგად ეს წესები შემუშავდა“, - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
პრესრელიზის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროსთან და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან ერთად თვეების განმავლობაში ინტენსიურ შეხვედრებს მართავდა არქიტექტორებთან, მწარმოებლებთან, მშენებლებთან, ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებთან და ხელოვნებათმცოდნეებთან. რეგულაციის პროექტი კი ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გათვალისწინების შედეგად მომზადდა.




























