საოჯახო მეღვინეობა „შერმა“ წარმოების სტრატეგიას ცვლის და ღვინის დაძველებაზე აკეთებს აქცენტს, - ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, შოთა შერმადინმა განაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მდებარე საოჯახო მეღვინეობა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს და დაახლოებით ხუთ სახეობის ქართლის ღვინოს, ასევე კახურ საფერავს აწარმოებს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროდუქციის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას უკავშირებს. მეწარმის განმარტებით, ეს ცვლილება საბოლოოდ ღვინის ხარისხზეც დადებითად აისახება.
„ღვინოს ქვევრში ვაწარმოებთ, შემდეგ კი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უჟანგავ ცისტერნაში გადაგვაქვს, სადაც საბოლოოდ ვარგდება. წელს გვინდა, რომ ღვინოები მეტად დავაძველოთ. ეს ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და, შესაბამისად, მის ღირებულებაზეც აისახება. მაგალითად, 2024 წლის ღვინოები ამ დრომდე არ ჩამოგვისხამს“, – აცხადებს შერმადინი.
მისი ინფორმაციით, მეწარმეს 1 ჰექტარზე გაშენებული ვენახი აქვს, სადაც ორი ჯიშის ყურძენი მოჰყავს. ნედლეულის ნაწილს კი ბიოსერტიფიცირებული მევენახეებისგან ან ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი მეურნეობებიდან იძენს.
როგორც შერმადინი განმარტავს, 2023 წლიდან „შერმა“ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრია, რაც გულისხმობს, რომ მარანში გამოყენებული ყურძენი მხოლოდ ასოციაციის წევრი მევენახეებისგან ან ბიო-სერტიფიცირებული ვენახებიდან უნდა იყოს მიღებული.
“წლიური წარმოება 3 000-დან 5 000 ბოთლამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მოსავალი იქნება. ჩვენი ვენახების ნაწილი 6 წლისაა და ნაწილიც მე-4 წელშია, შესაბამისად, წარმადობის ზრდა სამომავლო პერსპექტივაში მოხდება”, - თქვა მან და დასძინა, რომ მათი პროდუქცია ამჟამად, მხოლოდ ქართულ ბაზარზე, ღვინის მარკეტებში იყიდება და მისი შეძენა 45-80 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.




























