მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაძლებელია, რეფერენტული ფასები ბავშვთა კვებაზეც დადგინდეს" - შოთა ბერეკაშვილი

შოთა ბერეკაშვილი

"შესაძლებელია, რომ რეფერენტული ფასები ბავშვთა კვებაზეც დადგინდეს" - ამის შესახებ ფასების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადგან ეს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, ამიტომაც საინტერესოა, ამ პროდუქტის მიწოდების ჯაჭვში რამდენი კომპონენტი მონაწილეობს:

მაინტერესებს, როდესაც ბავშვთა კვების პროდუქციას ეხება, პირდაპირ ახდენთ შესყიდვებს საზღვარგარეთიდან, მწარმოებლიდან, თუ შუაში არის რგოლი, რომელიც იმპორტიორია და რომელიც გაწვდით?

ჩემი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი სწორად დავინახოთ და რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, შესაძლებელია, რომ რეფერენტული ფასები აქაც დადგინდეს, რომ გასაგებად გვესმოდეს, და შედარება გვქონდეს ევროპის ქვეყნების ფასებთან. და ამიტომ მინდა სწორად გავერკვიო, რომ არსებობს იმპორტიორი, რომელიც თავის ფასნამატს ამატებს და ამის შემდეგ მოდის ქსელში და ქსელი ამატებს ფასნამატს.

კიდევ ერთხელ ამ პრინციპს ვიტყვი, რომ რაც უფრო მოკლეა ჯაჭვი, მით უფრო ნაკლებია ფასნამატი და შესაბამისად, უფრო საუკეთესო ფასს იღებს ჩვენი მომხმარებელი. ამ ნაწილში ჩვენ მოგვიწევს მუშაობა ბავშვთა კვებას რაც შეეხება და ბავშვის აქსესუარებს, რომ ისეთი მოდელი ერთად მოვიფიქროთ, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ერთი მხრივ, მისაღები იყოს ბიზნესისთვის და მეორე, მხრივ ასევე საუკეთესო ფასი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად “ავერსის” სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია თავად არ არის მსგავსი პროდუქციის იმპორტიორი, თუმცა მუშაობს იმაზე, რომ თავად შემოიტანოს ბავშვთა კვება.

“საკმაოდ სენსიტიური და მნიშვნელოვანი თემა ყველა სააფთიაქო ქსელისთვის. ბავშვთა კვებიდან დავიწყებ თუ შეიძლება. ჩვენ არ ვართ არცერთი ბავშვთა კვების პროდუქტის იმპორტიორი. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვყიდით ბავშვთა კვების პროდუქციას. ბავშვთა კვების პროდუქციას ვიღებთ რამდენიმე ათეული მომწოდებლისგან და მე წამოსვლამდე შეგნებულად ვნახე, თუ რა მოგება რჩებოდა კომპანიას ამ პროდუქციის გაყიდვით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 8%.

რაც შეეხება ბავშვთა აქსესუარებს და ბავშვთა მოვლის საშუალებებს, გვაქვს რამდენიმე კონტრაქტი და თვითონ შემოგვაქვს ეს პოზიციები, თუმცა ბავშვთა მოვლის და აქსესუარების მთელი რიგი პროდუქცია ჩვენ შემოგვაქვს სხვადასხვა მომწოდებლებიდან და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მინიმალური ფასნამატით გავყიდოთ მნიშვნელოვანი სეგმენტიდან გამომდინარე. და გარდა ამისა, აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქსელი გამოირჩევა იმით, რომ ბავშვთა კვების და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე მუდმივად გვაქვს ღრმა აქციები.

აქ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საფასო კატეგორიის მოვლის საშუალებები გვაქვს. გვაქვს პრემიუმ ხარისხის შედარებით მაღალფასიანი, ასევე, საშუალოფასიანი და გვაქვს ძალიან დაბალფასიანი და დაბალფასიანი პროდუქცია. ასე რომ, ყველა რგოლს შეუძლია, რომ თავისი არჩევანი გააკეთოს ჩვენს სააფთიაქო ქსელში. და აქვე, როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვთა კვებაზე და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე ძალიან ხშირად გვაქვს ღრმა ფასდაკლებები, ფასდაკლებები იწყება 30%-ით და ხშირად მთავრდება 70%-ით”, - განაცხადა "ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკატერინე ბურძენიძემ.

მან ასევე, ფასების კომისიის ერთ-ერთი წევრის, ზურაბ ქადაგიძის კითხვას უპასუხა, რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ ადგენენ სააფთიაქო ქსელები ბავშვთა კვების პროდუქციაზე ფასს, და როგორ ხდება ისე, რომ თითქმის ყველა სააფთიაქო ბრენდს ერთი და იგივე ფასები აქვს, “ავერსის” წარმომადგენელმა აღნიშნა:

"ბავშვთა კვებაზე ჩვენ ერთმანეთის ფასს ნამდვილად არ ვუყურებთ. ერთმანეთის ფასს ვუყურებთ აქციებში. ერთ-ერთი კომპანია თუ აქციას ჩაუშვებს, ჩვენც ვცდილობთ იგივეს, ვინაიდან რომ არ გავაკეთოთ აქცია, მაშინ ჩვენ ვეღარ გავყიდით. ეს არის პროდუქციის ის კატეგორია, რომელზეც არ არსებობს დღე, რომ რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიაში არ იყოს ფასდაკლება. ყველაზე დიდი ფასდაკლებები გვაქვს ბავშვთა კვებაზე“.

ეკატერინე ბურძენიძის თქმით, მაქსიმალური ფასნამატი, რაც ბავშვთა კვებაზე კომპანიას აქვს 15%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები