"იმპექსფარმის" კომერციული დირექტორის, შორენა აფრიაშვილის შეფასებით, რეფერენტული ფასების დანერგვის პროცესი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კომუნიკაციით წარიმართა და ის არ ყოფილა "თავსმოხვეული" გადაწყვეტილება - ამის შესახებ მან "ფასების საპარლამენტო კომისიის" დღევადელ სხდომაზე ისაუბრა, რომელზეც ფარმაცევტულ ბაზარზე ფასწარმოქმნის საკითხი განიხილეს.
"ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით თავის დროზე ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მე მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ [რეფერენტული ფასების შემოღება] არ მომხდარა ასე, თითქოს ვინმემ რაღაც მოგვახვია თავზე. ვიცოდით, რატომ კეთდებოდა, როდის კეთდებოდა, რა კეთდებოდა და კი, რა თქმა უნდა, ეს მტკივნეული პროცესი იყო, მაგრამ იყო ეტაპობრივი. ვიყავით მუდმივ შეხვედრებზე, ირჩეოდა ქეისები და ეს ხდებოდა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. პირადად ალბათ 10-ჯერ ვარ დაახლოებით ნამყოფი და მე არ მახსენდება, რომ იქ რამე უკუკავშირი არ ყოფილიყოს.
რაც შეეხება ზოგიერთ პრეპარატს, კალკულაცია უნდა ვიცოდეთ, როგორც ხდება. აღებული ხომ უნდა ყოფილიყო რაღაც მოდელი? არის აღებული ევროპული მოდელი, ვიცით, რა ქვეყნებიც არის. პირადად გვქონდა ხოლმე მათი საიტები გადმოწერილი და პირადად ვითვლიდი, რა შეიძლებოდა რეფერენტული ფასი ყოფილიყო. კი ბატონო, რაღაცებზე დაჯდა უფრო მაღალი ფასი, მაგრამ დღემდე გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც არ გაძვირებულან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაძნელებულია თურქეთიდან შემოტანა", - ამბობს შორენა აფრიაშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამ წელიწადში თურქეთში მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაძვირდა, 2022 წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა ბაზარს განვითარების საშუალება მისცა.
"ეს თურქეთიდან შემოტანაც რაღაც ყბადაღებული თემა გახდა. 2022 წლიდან ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ნამდვილად და ფასებიც ძალიან დასწია. ამან ბაზრის მოთამაშეებს ერთგვარი ფორა მოგვცა, რომ შემოგვეტანა ევროპიდან ანალოგები, ახალი ფორმულები შემოგვეტანა, რომ დეფიციტი არ შექმნილიყო. მაგრამ თურქეთის მერე, ამ სამ წელიწადში მედიკამენტები ოთხჯერ გაძვირდა, დამეთანხმება სულ ყველა. ზოგიერთი პრეპარატის შემოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია ამ ეტაპზე და აღარ შემოგვაქვს, მაგრამ თუნდაც ეს პროაქტიური რეჟიმი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დაგვეხმარა თავის დროზე", - განაცხადა "იმპექსფარმის" დირექტორმა.
კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა "იმპექსფარმის" წარმომადგენელს კითხვით მიმართა, თუ რამდენად ეფექტურია რეფერენტული ფასების მოდელი და რამდენად არის შესაძლებელი მისი მასშტაბების გაზრდა
"სარეცეპტო მედიკამენტებში ნამდვილად არის საშუალება, მედიკამენტების 100% რეფერენტული ფასით გაიყიდოს. პარალელურ რეჟიმში იმის საშუალებაც გვაქვს, რომ თუნდაც თურქეთიდან, თუნდაც ევროპიდან, ეს ფორმულები აღიარებითი რეჟიმით შემოვიტანოთ.
გარდა ამისა, მედიკამენტებზე ექსკლუზივი არ არის, შეიძლება კონკრეტული მედიკამენტი "პსპ"-სია, მაგრამ არავინ მიშლის მე მის შემოტანას და შემოგვაქვს ეს წარმოებაც. თუმცა მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობაც გვაქვს და თუ ფარმაცევტული კომპანია მეუბნება, რატომ უნდა შემოიტანო, ჩემგან წაიღეო, ვიღებ მისგან ძალიან ადეკვატურ ფასში. ისეთი გამჭვირვალეა სისტემა და იმდენი მექანიზმია შექმნილი, რომ ექსკლუზიურობა არ არის. პირიქით, ყველას გვინდა ხელმისაწვდომობა, რაც უფრო იაფია წამალი, ის იყიდება მეტი", - განაცხადა მან.




























