მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლებელია თუ არა, ენერგოეფექტურობის რეფორმის დონორული დაფინანსება გადაიხედოს? - Intec-ის პასუხი

მშენებლობა

შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები ქვეყანაში გასული წლის ივლისიდან მოქმედებს. ის ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.

შენობების ენერგოეფექტურობის რეფორმა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და სხვა ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებებსაც ითვალისწინებს. რეფორმის განხორციელებაში კი ძალიან დიდი წვლილი აქვს დონორულ დაფინანსებას. კერძოდ, 4-წლიანი ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას ევროკავშირმა 8 მილიონი ევრო გამოუყო. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული მიმართულებით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Intec-ი უწევს.

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Intec-ის უფროსმა მრჩეველმა ვახტანგ ბეგაშვილმა BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, "რუსული კანონის" ამოქმედების შემდეგ, შეიძლება თუ არა დონორულ დაფინანსებაზე ამ სეგმენტსაც შეექმნას საფრთხე, ბეგაშვილი პასუხობს, რომ ეს მოლოდინი არ აქვს.

"მე ევროკავშირის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩვენი პროექტი აპოლიტიკურია. ეს არის ტექნიკური დახმარება და ასეც ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, საქართველოს ვალდებულებების შესრულებას ასოცირების მიზნებიდან გამომდინარე. თვითონ, პროექტი 4-წლიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიურ 2020 წელს დაიწყო, ვფიქრობთ, რომ 1 წლით გახანგრძლივდება და 5-წლიანი გახდება. დღეს, არანაირი საფრთხე იმისა, რომ შეიძლება პროექტი შეწყდეს და ევროკავშირმა ეს პროექტი გააჩეროს, არ არის. არ მგონია, რომ ასეთი რამე მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ ბეგაშვილმა "საქმიანი დილას" ეთერში.

ცნობისთვის, რეფორმის ფარგლებში ამოქმედდება შენობების ენერგოკლასების და ენერგომახასიათებლობის სერტიფიცირების წესებიც, რაც ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგოსერტიფიკატი, თუ რომელ ენერგოკლასს მიეკუთვნება ის. სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები