უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ ცალკეულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს შიდა ბაზრისთვის დაბალი ეკოლოგიური მახასიათებლების მქონე საწვავის წარმოების უფლება მისცა.
შემსუბუქებული რეგულაციების მიხედვით, ბენზინში გოგირდის შემცველობა შესაძლოა 150 ერთეულამდე (ppm) გაიზარდოს, რაც დაახლოებით 15-ჯერ აღემატება ევროპაში, ჩინეთსა და ინდოეთში დაშვებულ მაქსიმალურ ნორმას. ამასთან, ახალი წესები საწვავში არომატული ნახშირწყალბადების უფრო მაღალი კონცენტრაციას დაშვებულად აცხადებს, რაც, ექსპერტების შეფასებით, ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას და ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესებას განაპირობებს.
რაც შეეხება რუსეთის ენერგეტიკული ინდუსტრიის წინაშე არსებულ ამჟამინდელ გამოწვევას, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსულ გადასამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშების რაოდენობა გაორმაგდა. ამან ნავთობის გადამუშავების სრული ან ნაწილობრივი შეჩერება და ბენზინის, დიზელისა და საავიაციო ნავთის წარმოების შემცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.




























