მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლო თაღლითური სქემები სახელმწიფო შესყიდვებში

5bfc15fcc84cd
სალომე მეცხვარიშვილი
27.11.18 09:00
1034
საქართველოში არსებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემა ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ და მოქნილად არის აღიარებული. მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტები ხშირად მიუთითებენ, რომ არსებობს ე.წ. საკანონმდებლო ხვრელები, ან არასაკმარისი მონიტორინგი, რის გამოც სახელმწიფო შესყიდვებში კორუფციის რისკები მაღალი რჩება.

სახელმწიფო ტენდერებში თაღლითობის შესაძლო სქემებზე bm.ge-სთან საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, IDFI და იურისტი ბადრი ნიაური, რომლის ძირითადი საქმიანობა სწორედ სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება.

იურისტი ამბობს, რომ სახელმწიფო შესყიდვებში სხვადასხვა სქემები არსებობს, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტის ფული იფლანგება.

მისი თქმით, ერთ ერთი სქემა ასეთია: ერთმანეთთან აფილირებული კომპანიები შეთანხმებულად შედიან ერთ ტენდერში - სხვადასხვა ფასით. იმარჯვებს დაბალი ფასის მქონე შეთავაზება, რომელსაც გარკვეული დოკუმენტაცია დასაზუსტებელი აქვს. თუმცა, გამარჯვების შემდეგ ის უარს აცხადებს დოკუმენტაციის დაზუსტებაზე და გადის ტენდერიდან, შესაბამისად, გამარჯვებულად ცხადდება უფრო მაღალფასიანი შეთავაზება, რომელიც ამავე კომპანიასთან შეთანხმებულად მოქმედებდა, შესაბამისად, ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა იხარჯება.

„თუ აღმჩნდება ამ აფილირებულ კომპანიებს შორის ტენდერში სხვა კომპანიებიც მონაწილეობენ, ის გარეშე კომპანიები არიან განწირული ვაჭრობის დროს, რადგან აფილირებულმა კომპანიებმა იციან ერთმანეთის ფასები“,- აცხადებს იურისტი.

მისივე თქმით, მსგავსი სქემის გაშიფვრა საკმაოდ იოლია, რადგან ხშრ შემთხვევაში აფილირებული კომპანიები ერთი და იმავე IP მისამართიდან მუშაობენ. ბადრი ნიაური ამბობს, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა სახელმწიფო შესყიდვებში საკმაოდ მაღალია.

„თუ ვხედავთ, რომ კომპანია არ აზუსტებს დოკუმენტაციას, უარს ამბობს მონაწილეობაზე ე.წ. ის გადასცემს ალამს მისივე კომპანიას“,- აცხადებს იურისტი.
ამავე სქემას ადასტურებს IDFI. ორგანიზაციის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე აცხადებს, რომ არსებობს ასევე ერთ კომპანიაზე მორგებული ტენდერები. მისი თქმით, საქართველო პატარა ბაზარია, ცოტა კომპანია ოპერირებს და ფასებზე შეთანხმება არ არის რთული.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან არის დაბალი კონკურენცია რიგ სფეროებში ძალიან ადვილია ფასებზე შეთანხმება და მათ გაზრდა“,- აცხადებს ლომთაძე.
ტენდერებში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც“, რომელიც წლებია სახელმწიფო ტენდერების მონიტორინგს ახორციელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ არაკეთილსინდისიერი კომპანიებისადმი არასაკმარისად მკაცრი მიდგომაა და დღესდღეობით, ასეთი პრობლემების პრევენციის გზა მხოლოდ „შავი სიაა“, რომელში მოხვედრილ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ. თუმცა, „შავ სიაში“ შემავალი კომპანიის მფლობელებს შეუძლიათ, სხვა კომპანია დააფუძნონ და ისე მიიღონ შესყიდვებში მონაწილეობა ან „გაშავებული“ კომპანიით ქვეკონტრაქტორები გახდნენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კარგი საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში კორუფციაზე და თაღლითობაზე ნასამართლევ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ეზღუდებათ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას გამოვლინდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ აუცილებელია გამკაცრდეს მიდგომები კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებთან მიმართებით, რომ მათ აეკრძალოთ შესყიდვებში მონაწილეობა არა ერთი წლით, არამედ ნასამართლეობის ვადის ამოწურვამდე მაინც.

იმას, რომ კორუფციაში და თაღლითობაში მხილებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა უნდა შეეზღუდოთ, საქართველოს მთავრობას ურჩევს არამხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობოები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, როგორიცაა, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი. ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, „შავ სიაში“ კომპანიის ყოფნის ვადა უნდა გაგრძელდეს ერთ წელზე მეტად და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა კომპანიასთან ერთად, კომპანიის მფლობელებსაც უნდა შეეზღუდოთ, რადგან სხვა კომპანიით ვერ შეძლონ კონტრაქტების დადება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები