მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაძლოა, გაჩნდნენ "მთავრობასთან დამეგობრებული" ბიზნესები"|რა შეიძლება იყოს ფასების რეგულირების შედეგი?

გია ჯანდიერი

„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი გია ჯანდიერი, ქვეყანაში ფასების შემცირების მიზნით, „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაწყებულ კამპანიას სკეპტიკურად უყურებს.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, ფასების ზრდას არა - ბიზნესის „სიხარბე“, არამედ მცდარი მონეტარული პოლიტიკა, ქვეყანაში არსებული მაღალი საინვესტიციო რისკები და სახელმწიფოს მიერ კანონის დარღვევით გაზრდილი გადასახადები იწვევს. ფაქტორებს შორისაა რეგიონში არსებული არასტაბილურობა.

მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურების ბერკეტებით ბიზნესზე „ზეწოლამ“ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრიდან მოთამაშეების გასვლა, ასევე, პროდუქტების დეფიციტი ან კიდევ „მთავრობასთან დამეგობრებული“, პრივილეგირებული ბიზნესების გაჩენა, რაც საბოლოო ჯამში, მომხმარებელს კიდევ უფრო დააზარალებს.

„შეიძლება, გაჩნდნენ „მთავრობასთან დამეგობრებული“ ბიზნესები, რომლებიც იმ იმედით შეამცირებენ ფასებს, რომ ხელისუფლება ბაზრიდან სხვებს „ჩააჩოჩებს“. ეს შეიძლება ბევრად სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რა ამოცანები ამოძრავებს ხელისუფლებას, როდესაც ასეთ კომისიებს [იგულისხმება ფასწარმოქმნის შემსწავლელი სამთავრობო და საპარლამენტო კომისიები] ქმნის. საკითხები, რომლებიც რეალურად არსებობს, ისედაც სახეზეა. მაგალითად, გვაქვს საკონსტიტუციო კანონი, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. ჩვენ კი ვნახეთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ამ მთავრობამ ბანკებისთვის მოგების გადასახადი 5%-ით გაზარდა, 20%-მდე. თუ პრობლემებს ეძებენ, აგერ არის პირდაპირი პრობლემა - ეს იყო სრულიად არასწორი ნაბიჯი. არასწორი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამით საბანკო მომსახურება გაძვირდა და მომხმარებელს ხარჯი 5%-ით გაეზარდა (ეს ხარჯი ხომ ციდან არ ცვივა), არამედ იმიტომაც, რომ დაირღვა „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, რომლის თანახმად, რეფერენდუმის გარეშე, ქვეყანაში გადასახადის გაზრდა აკრძალულია. ამდენად, არსებობს საკითხები, რომლებიც ზედაპირზე დევს და მათ შესასწავლად დიდი კვლევები საჭირო არ არის“, - აცხადებს ეკონომისტი.

"ფასების რეგულირება" - ისტორიული გაკვეთილები და საფრთხეები

გია ჯანდიერი ფასების ხელოვნურ რეგულირებასა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლას ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის სახიფათო ნაბიჯად მიიჩნევს.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან გაიხსენა საქართველოს უახლესი ისტორიიდან პერიოდები იმის საილუსტრაციოდ თუ რა შედეგი მოაქვს ფასების „გაყინვას“.

დეფიციტი და რიგები - გია ჯანდიერი იხსენებს 1991 წელს, როდესაც პურზე ფასის გაყინვამ პროდუქტის სრული გაქრობა გამოიწვია. ანალოგიური მოხდა 2006 წელსაც, როდესაც ნავთზე ფასის ლიმიტის დაწესების მცდელობას მყისიერი რიგები მოჰყვა.

ინვესტიციების შეჩერება - ეკონომისტის თქმით, როდესაც სახელმწიფო სუს-ისა და საგამოძიებო კომისიების მეშვეობით ცდილობს ფასების კონტროლს, ეს ინვესტორს აფრთხობს.

„თუ სასამართლოს ხარისხი არ გაუმჯობესდა, ჩვენ მაინც მაღალი რისკის ქვეყნად დავრჩებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო საგადასახადო სისტემა გვაქვს - მხოლოდ 6 დაბალი გადასახადით, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით აშკარა უპირატესობაა - ეს საკმარისი არ არის. თუ ინვესტორი, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი, ვერ ხედავს გარანტიას, რომ სასამართლო მის დავებს სწრაფად და გონივრულად განიხილავს, ის ბევრჯერ დაფიქრდება, ღირს თუ არა აქ ფულის დაბანდება, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტს ინვესტირებას, რისკების დასაზღვევად აუცილებლად ეცდება, რომ უფრო მაღალ მარჟაზე იმუშაოს, რაც საბოლოოდ ფასებზეც აისახება“, - აცხადებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი.

რა ახდენს რეალურ გავლენას ფასებზე?

გია ჯანდიერმა „წერტილთან“ ინტერვიუში გამოკვეთა რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მისი აზრით, საქართველოში პროდუქციას აძვირებს და რასაც მთავრობა ხშირად გვერდს უვლის:

ა) მონეტარული პოლიტიკა და ეროვნული ბანკი

ეკონომისტი პირდაპირ მიუთითებს, რომ ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არა - ბიზნესი, არამედ ცენტრალური ბანკია. მისი თქმით, ლარის კურსი ხელოვნურად არის „დაჭერილი“ გარკვეულ ნიშნულზე, რაც ბუნებრივ ეკონომიკურ პროცესებს აფერხებს.

მისივე შეფასებით, ასევე, ხელოვნურად გამოგონილი დედოლარიზაციის პოლიტიკა ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება.

ფასებზე გავლენაზე ახდენს სებ-ის რეფინანსირების განაკვეთიც - „მაღალი საპროცენტო განაკვეთები აძვირებს ფულს, რაც პირდაპირ აისახება პროდუქტის საბოლოო ფასზე“, - ამბობს ეკონომისტი

ბ) ბაზრის სიმცირე და მსყიდველობითუნარიანობა

გია ჯანდიერმა ასევე განმარტა, თუ რატომ არის საქართველოში პროდუქტი უფრო ძვირი, ვიდრე, მაგალითად, თურქეთში ან ევროპაში.

„როდესაც თურქული ფარმაცევტული ბიზნესი რაღაც წამალს ყიდულობს გერმანიაში, ის ყიდულობს 1,000,000 ცალს და საქართველოს არც ერთ ბიზნესს არ შეუძლია იყიდოს 10,000-ზე მეტი. ცხადია, ფასები სხვადასხვა გამოდის“, - აღნიშნა მან.

გ) მაღალი რისკები და სასამართლო სისტემა

საქართველოს აქვს BB საკრედიტო რეიტინგი, რაც ნიშნავს, რომ რისკები მაღალია.

როგორ შეიძლება შემცირდეს ფასები? | პრაგმატიზმი პოპულიზმის ნაცვლად

გია ჯანდიერის აზრით, ფასების დასაწევად მთავრობამ არა საგამოძიებო კომისიები უნდა შექმნას, არამედ უნდა 1. გააძლიეროს კონკურენცია და ხელი შეუწყოს ევროპული პროდუქციის შემოდინებას. 2. შეამციროს რისკები - მაგალითად: გააუმჯობესოს სასამართლოს ხარისხი და 3. გამოიყენოს საგადასახადო რეზერვები: დაუბრუნდეს გადასახადების შემცირების იდეას (მაგ. 15%-იანი საშემოსავლო გადასახადი, რაც 2012 წლამდე იგეგმებოდა).

მისივე აზრით, პოლიტიკა, მათ შორის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული.

„ჩვენ არ ვცხოვრობთ კაკლის ნაჭუჭში; ჩვენ გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ და ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას ყველა ამჩნევს. მაგალითისთვის გეტყვით - ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ ვამბობდი, რომ ერთხელაც სომხები და აზერბაიჯანელები ან სომხები და თურქები მორიგდებიან-მეთქი. სომხეთი შეეცდება, თავისი ლობისტური ძალით (Soft Power) ჩვენი ფუნქცია - რეგიონალური ჰაბის და ცენტრის ფუნქცია „გადაითრიოს“, - აცხადებს ეკონომისტი გია ჯანდიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები