მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაძლოა თუ რეფორმა არაა აქტუალური, არც მინისტრის მრჩეველია საჭირო" - რატომ გაუშვეს ზურაბ ძნელაშვილი?

ზურა ძნელაშვილი

„შესაძლოა თუ საგადასახადო დავების სისტემის რეფორმა არაა აქტუალური, ცხადია, არც მინისტრის მრჩეველია საჭირო“ - ფინანსთა მინისტრის ყოფილი მრჩეველი ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ამ მიზეზით არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. საქმე ის არის, რომ 2021 წლის ბოლოდან ის ლაშა ხუციშვილის მრჩეველი იყო საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმირების მიმართულებით, მაგრამ 1-ელი თებერვლიდან შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

- 3 წელი იყავით ფინანსთა მინისტრის მრჩეველი. რატომ შეგიწყვიტეს ხელშეკრულება 1-ელი თებერვლიდან - აღარ სჭირდებოდა მინისტრს რჩევები?

- მიზეზი არ ვიცი. მე ვიყავი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული და 1-ელი თებერვლიდან შეწყდა ხელშეკრულება. მიზეზი არ უთქვამთ.

- არ გიკითხავთ?

- არა და ალბათ თავად [ფინანსთა] მინისტრს უნდა ჰკითხოთ...

- 30 ნოემბერს, facebook-ზე საკუთარი პროფილის გარეკანი შეცვალეთ ევროკავშირი-საქართველოს დროშით... ვნახე სხვა პოსტებიც; რომ არა „ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ როცა ვხედავთ, დღე არ გავა, საჯარო სექტორიდან არ გაუშვან ადამიანები, ვინც მმართველ პარტიას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდა, უნდა გკითხოთ - თქვენთან ხელშეკრულების არგაგრძელების გადაწყვეტილება თუნდაც ამ ფორმით პოზიციის დაფიქსირებას ხომ არ უკავშირდება?

- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არ შემეძლო მხარი არ დამეჭირა იმ საგარეო კურსისთვის, რომელიც ჰქონდა საქართველოს და რომლის გაგრძელების სურვილი გვაქვს და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს [ევროინტეგრაცია]... ეს რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, რომელიც პოსტიც გამოვხატე. რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზებს, როგორც უკვე ვთქვი, არ ვიცი - არც მიკითხავს და არც უთქვამთ. შეიძლება, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა იმასაც უკავშირდებოდეს, რომ მე ხომ მქონდა გარკვეული სფერო ჩაბარებული - ვიყავი მინისტრის მრჩეველი საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმირების კუთხით - და შეიძლება, არაა ეს საკითხი და თუ რეფორმა არაა დღის წესრიგში, ცხადია, არც ამ მიმართულებით მინისტრის მრჩეველი არაა საჭირო.

- აუცილებლად დავსვამთ კითხვებს, რამდენად სწორია თქვენი ვარაუდი... ისე, როგორ აფასებთ, 2024 წლის ბოლოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, გამარტივდა საჯარო სექტორიდან ადამიანების გათავისუფლება - თან არა მხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულების, არამედ - კონკურსის გზით, უვადოდ დანიშნულების?

- საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პირველივე მუხლში წერია, რომ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე და სტაბილურობაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ხელშეწყობა. რანაირად შეიძლება იყოს კარიერულ წინსვლაზე ან სტაბილურობაზე დაფუძნებული ასეთი ცვლილება ან საჯარო სამსახური, სადაც მხოლოდ ერთი თვეა საჭირო და არანაირი მიზეზი, რომ სამსახურიდან გაგიშვან?! მით უმეტეს ისეთი საპასუხისმგებლო პოზიციებიდან, სადაც ადამიანები შემთხვევით არ ინიშნებიან - დეპარტამენტის უფროსობისთვის საჯარო მოხელეები გადიან დიდ კარიერულ გზას, აგროვებენ გამოცდილებას, ცოდნას, გადიან კონკურსებს და ასე უცებ მთავრდება ყველაფერი... ამდენად, ვფიქრობ, [2024 წლის ბოლოს] კანონში შესული ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პრეამბულასაც ეწინააღმდეგება და ჩემი აზრით, საჯარო სექტორისთვის კარგ შედეგს არ გამოიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები