ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ადგილობრივ ბაზარზე შესაფუთი მასალების ნედლეული აღარ შემოდის. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქციის მიღება ამ დრომდე ძირითადად ირანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ხდებოდა. შექმნილი ვითარების გამო აღნიშნული ბაზრები ჩაიკეტა. რაც შეეხება ალტერნატივებს, სავარაუდოდ, მწარმოებელი ქვეყნები ფასების ზრდას ელოდებიან, რის გამოც ექსპორტი დროებით გაჩერებულია.
როგორც საქართველოში მეწარმეები აღნიშნავენ, ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ნედლეულის უწყვეტი მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ მწარმოებლებს გარკვეული მარაგები გააჩნიათ, მთავარ გამოწვევად პოლიეთილენის საწარმო „ექსკლუზივში“ მოსალოდნელ დეფიციტს ასახელებენ, რამაც შესაძლოა ქარხნების გაჩერებაც გარდაუვალი გახადოს.
“მთავარია ნედლეული მოგვაწოდონ და ქარხნის გაჩერება არ მოგვიწიოს. ნედლეულს ვიღებდით ირანიდან, ამერიკიდან, ყაზახეთიდანაც, თუმცა დღეს არცერთი ქვეყანა აღარ გვაძლევს მასალას, ყველამ გააჩერა გაყიდვები. ამის მიზეზი ფასების გაზრდის მოლოდინია. ჩვენც ველოდებით, რა მოხდება, თუმცა ის, რომ ფასები მომხმარებელზეც აისახება, გარდაუვლია", - უთხრა BMG-ის კომპანია „ექსკლუზივის“ ხელმძღვანელმა ემზარ შერეშაშვილმა.
მწარმოებლების თქმით, არსებულ მარაგებზე დაფუძნებით, საქართველოში ნედლეული 30-40%-ით უკვე გაძვირდა. ამასთან კომპანიებში აცხადებენ, რომ შეიზღუდა შესყიდვების რაოდენობაც.
კომპანია „ელადაში“ ამბობენ, რომ ქსელურ მარკეტებს მისაწოდებელი ფასების ზრდაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. სავარაუდოა, რომ ეს ზრდა საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება, რადგან რითეილ სექტორი გაზრდილ ხარჯებს ამ გზით დააკომპენსირებს.
„ომის ეფექტი ერთ-ერთმა პირველმა ჩვენმა სექტორმა იგრძნო. ირანის და არაბული ქვეყნების გარდა, უზბეკეთიდან და რუსეთიდანაც ვიღებდით მასალას, თუმცა დღეს არც ისინი ყიდიან. საწყობში რაც არის, იმის ფასი 35%-იან ზრდას აჩვენებს. თუ აქამდე 2-3 დღეში ქარხნიდან 12 მანქანა გამოდიოდა, ახლა 1-2 მანქანას აძლევენ.
მომხმარებელს გაუძვირდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ უკვე მივწერეთ ქსელებს ფასების გადახედვაზე. რა სხვაობითაც გამიძვირდა იმ სხვაობით. ძველი ფასით მარაგი მაქვს ოთხშაბათამდე.“ - განაცხადა „ელადას“დირექტორმა თამაზ ქერომოვმა.
ამ ეტაპზე ბაზარზე 53 პროფილური კომპანია ოპერირებს.




























