გერმანიის საელჩო შეშფოთებულია ჟურნალისტის და მედია მენეჯერის მზია ამაღლობელის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ. "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი უკვე 32-ე დღეა შიმშილობს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არც კი განიხილა.
"ამჟამად დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ მათგანს ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება. ამასთან სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დარღვევების სერიოზული მოკვლევა ჯერ არ ჩატარებულა.
განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმის გამო, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წინასწარი პატიმრობიდან არ ათავისუფლებენ. გერმანიის საელჩო ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სასამართლო პროცესების დაკვირვებას და თვლის, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, განსაკუთრებით კი კანონის წინაშე თანასწორობის, პროპორციულობის, სამართლებრივი უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპები. ასე მაგალითად, სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული საკანონმდებლო დებულებები წინასწარი პატიმრობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. როგორც ჩანს, უნდა მოხდეს იმ ადამიანების დაშინება, რომლებიც თავიანთი ძირითადი უფლებებით სარგებლობენ. შესაძლო სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული განსხვავებული სტანდარტები დემონსტრანტებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ", - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.




























