მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვების სააგენტო "ბილაინის" ტენდერზე: ასეთი პირობებით ტენდერი ტარდება რამდენიმე წელია, რაიმე სიურპრიზი არ ყოფილა

58a2dac40c2ba
სალომე მეცხვარიშვილი
14.02.17 14:41
1336
შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას ითვალისწინებდა, წელს არანაირი ცვლილება არ ყოფილა და მსგავსი პირობებით ტენდერი უკვე რამდენიმე წელია ცხადდება. ასე უპასუხა ზაზა ნანობაშვილმა "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვას, რა ცვლილებები შეიტანა სატენდერო დოკუმენტაციაში ერთი დღით ადრე სააგენტომ, რისი დაკმაყოფილებაც „ჯეოსელმა“ მცირე დროის გამო ვერ შეძლო და შესაბამისად, ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ასეთი პირობებით ტენდერი ტარდება რამდენიმე წელია, ასე რომ რაიმე სიურპრიზი გამოცხადებულ ტენდერში არ ყოფილა. ნებისმიერ კომპანიას შეეძლო, გაცნობოდა სატენდერო დოკუმენტაციას და მიეღო გადაწყვეტილება. რატომ არ მიიღეს მონაწილეობა კომპანიებმა, ეს თავად კომპანიების გადასაწყვეტია და მათ უნდა ჰკითხოთ“,- აცხადებს ზაზა ნანობაშვილი.

რაც შეეხება "ბილაინის" ტენდერიდან გამოთიშვას, ნანობაშვილი აცხადებს, რომ კომპანია სატენდერო დოკუმენტაციას არ აკმაყოფილებდა.
„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ ჩატარებული ტესტდრაივის საშუალებით დადგინდა, რომ კომპანია "ბილაინს" 2017 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით არ ჰქონდა 3G. აღნიშნული გახდა მიზეზი, რომ ის ვერ გავიდა შემდეგ ეტაპზე“,- აცხადებს ნანობაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიას შეიძლება ლიცენზია უკვე აღებული ჰქონდა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტული მომენტისთვის, მას ჰქონდა დაფარვა.
შეგახსენებთ, კომპანია "ბილაინი" მოიხსნა ტენდერიდან, რომლითაც კომპანიას სახელმწიფო უწყებებისთვის საკომუნიკაციო მომსახურება უნდა მიეწოდებინა. კომპანია გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამას სასამართლოში ასაჩივრებს.

„ბილაინი“ ერთადერთი კომპანია იყო, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო. მოგვიანებით, „ჯეოსელმა“ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია. კომპანია აცხადებდა, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მათ მიაწოდა ახალი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რომლის დაკმაყოფილებასაც ასეთ მცირე დროში ვერ შეძლებდნენ, ამიტომ ტენდერში შესვლაზე უარი თქვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები