არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების მენეჯერს ლევან ნატროშვილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უფრო უნდა გაამკაცროს მიდგომა და გამარტივებულ ტენდერებზე თანხმობა მარტივად არ უნდა გასცეს. რადგან სტატისტიკა აჩვენებს, რომ შესყიდვების სააგენტო გამარტივებულ (უტენდერო) შესყიდვაზე მოთხოვნის 80%-ს აკმაყოფილებს.
„თითქმის ყველა ქალაქობასა და დღესასწაულებზე რაც იმართება, არამარტო თბილისში, ყოველთვის არის პრობლემა, რომ რატომღაც ბოლო მომენტებში ხდება ხოლმე გარკვეული სერვისებისა და პროდუქტების შეძენა, მაშინ, როდესაც მინიმუმ ერთი წლით ადრე ვიცით, რომ თბილისობა მოვა და იქნება კონკრეტულ პერიოდში. შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ხდება ამ ყველაფრის გამარტივებული წესით შესყიდვა.
როგორც ჩანს, ისევ არის შემსყიდველ ორგანიზაციებში დამოკიდებულება, რომ ისინი არ აქცევენ ყურადღებას ტენდერით შეისყიდიან მომსახურებას თუ გამარტივებული შესყიდვით. ამას ალბათ ახალისებს შეყსიდვების სააგენტოს არცთუ მკაცრი მიდგომა შესყიდვების სააგენტოს მხრიდან. ალბათ მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს ნებართვის გაცემის პროცედურა“,- აცხადებს ლევან ნატროშვილი.
შეგახსენებთ, რომ უტენდეროდ სერვისისა და პროდუქციის შესყიდვისთვის საჯარო უწყებებს შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდებათ.

























