ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა აფხაზეთის აღმოსავლეთში (ოჩამჩირის, ტყვარჩელის, გალის რაიონები) აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ე.წ. კანონის მიხედვით, უცხოელებს აღნიშნულ ტერიტორიებზე აპარტამენტების მშენებლობა და შეძენა შეეძლებათ.
ე.წ. კანონის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ე.წ. პარლამენტთან მასობრივი აქცია გაიმართა. ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილები დეპუტატებისგან ითხოვდნენ, ხალხთან გამოსულიყვნენ, რაც დე ფაქტო დეპუტატებმა უგულებელყვეს.
"პარლამენტში" დილიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებსა და ე.წ.შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეტაკება იყო.
"აფხაზი ხალხის გარეშე ცდილობენ მიიღონ კანონი, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფოს დანგრევისკენ არის მიმართული“, - განაცხადა დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლეონიდ ჭამაღუამ.
"ეხო კავკაზა" წერს, რომ სოხუმში სიტუაცია დაძაბულია.