თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, თბილისის მერიას სამშენებლო პროექტების ფარგლებში, დღეისთვის 2 500-ზე მეტი სამშენებლო პროექტი აქვს შეთანხმებული, რომლის მიხედვითაც 4 წლის განმავლობაში 60 000-ზე მეტი ნარგავი დაირგვება. ამის შესახებ მან დედაქალაქის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებების პრეზენტაციისას აღინიშნა.
მერის მოადგილემ ისაუბრა დედაქალაქში შეთანხმებული მშენებლობების რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
„როგორც იცით, შეიცვალა კანონმდებლობა და ყველა სამშენებლო პროექტს თან ახლავს გამწვანების პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ითანხმებს. დღეის მდგომარეობით, 2 500-ზე მეტია შეთანხმებული პროექტი, რის ფარგლებშიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში 60 ათასზე მეტი მწვანე ნარგავი დაირგვება. ეს არის ის ციფრი, რაც მუნიციპალიტეტის პროექტების გარდა, კერძო სექტორის ჩართულობით, შეემატება დედაქალაქს მწვანე ნარგავების სახით“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
მისი თქმით, გამწვანებული სივრცეების ზრდასთან ერთად გაძლიერდება „ეკოსერვის ჯგუფის“ რესურსები და აღჭურვილობა.
„დღეის მდგომარეობით, „ეკოსერვის ჯგუფი“ 540 ჰა ტერიტორიის მოვლა-პატრონობას ახორციელებს ყოველდღიურ რეჟიმში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ფართობი 740 ჰექტრამდე გაიზრდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
გამწვანების პოლიტიკაში საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე საუბრისას, მერის მოადგილემ აღნიშნა, რომ იგეგმება ეროვნული თესლის ბანკის მოდერნიზაცია, რის შედეგად გამდიდრება საქართველოს ფლორის სახეობები დამატებით 10%-ით, ასევე ეთნობოტანიკური კოლექციების შენარჩუნება და გამდიდრება.
განათლების კომპონენტის გაძლიერების მიმართულებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აღდგება მებაღეობის ისტორიული სკოლაც.
„დავასრულეთ ახალი მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში აღიჭურვება და ვიზიტორებისთვის მეტ შეთავაზებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
გარდა ამის, მან გარემოს დაცვის კუთხით რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსხვილი პროექტების მიღმა არის ასეულობით პროექტი, რომელსაც თითოეული გამგეობა ახორციელებს და ეს მიმართულება პრიორიტეტის სახით კვლავაც გაგრძელდება. შესაბამისად, მომდევნო წლებში დაგეგმილია, მინიმუმ, 20 ჰექტარზე სკვერებია და პარკების მოწყობა.




























