მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეთანხმება ხვალვე შეიძლება, ოღონდ არა - ულტიმატუმის ენით“ – „საირმეში“ გაფიცვის 26-ე დღეა

640b31d3f3a51
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.23 18:00
958
„საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის თანამშრომლები 26-ე დღეა, გაფიცული არიან. როგორც მათი უფლებების დამცველი აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე ამბობს, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის შეთანხმება შეიძლება შედგეს, თუმცა არა ულტიმატუმის ენითა და ამ პროცესიდან პროფკავშირების გათიშვით.

გიორგი დიასამიძე ადასტურებს, რომ 7 მარტს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ჩართულობით ქარხნის გაფიცულები კომპანიის მენეჯმენტს შეხვდნენ და მათგან გარკვეული შეთავაზება მიიღეს, თუმცა შეთანხმება ულტიმატუმის ენით საუბრისა და პროცესებიდან პროფკავშირის ჩახსნის გამო არ შედგა.

„რაც შეეხება ივა ჭყონიას განცხადებას, ვადასტურებთ, რომ იყო შემოთავაზებები, თუმცა მათ არ სურთ პროფკავშირის თანდასწრებით მოლაპარაკებები. პირადად მე ვუთხარი გაფიცულებს, რომ შესულიყვნენ და ესაუბრათ მათთან. 22%-ით ხელფასების ზრდაზე, განაცდურის 300 ლარით ანაზღაურებაზე... ბიჭებს მიაჩნიათ, რომ 122%-ითაც რომ მოხდეს ხელფასების ზრდა პროფკავშირის და დაცვის მექანიზმის გარეშე ამ ყველაფერს დაკარგავენ. ჩვენი მოთხოვნა იყო ასევე ხელფასების ინდექსაციაზე 2-დან 5%-მდე, მეცამეტე ხელფასზე, რაც ვერ გაიგეს და შეგვიძლია ავუხსნათ, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი დამსაქმებლები გათავისუფლება, რადგან ისინი გაფიცულებს მათ შორის პოლიციის ძალით ემუქრებოდნენ. ეს არის ნიკო ბერიძე, რომელიც ამ ქმედებებს ახორციელებს და ბიჭებს მათთან კომუნიკაცია არ უნდათ.

ფაქტობრივად შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა მათი პოზიცია, რომ შეთანხმება პროფკავშირის გარეშე და ულტიმატუმის ენით მოხდეს, ბიჭებისთვის მიუღებელია. ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც მათ შემოთავაზებაზე უარი თქვეს, ეს იყო. კიდევ ერთი ფაქტორი არის მე-13 ხელფასი, ინდექსაცია… თუმცა საუბარი შესაძლებელია.

შეთანხმება ხვალვე შეიძლება შედგეს, ოღონდ არა ულტიმატუმის ენით, არამედ ბიჭების დაცვის მექანიზმით, რაც არის ორგანიზაციის ძალა, რომელშიც ისინი გაწევრიანებულები არიან.

შეხვედრის განმავლობაში მენეჯმენტი ბიჭების ქმედებებს აკრიტიკებდა და ტუქსავდა. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ გააჩნია“, - განმარტა დიასამიძემ.

მისი ინფორმაციით, LABOR-მა კომპანიას სახალხო დამცველს მიმართა პროფკავშირის დისკრიმინაციისა და კონკრეტული პირების წინააღმდეგ ქმედებებისთვის დაახლოებით 2 კვირის წინ მიმართა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ღირსეული შრომის უფლებებისთვის. მათ აქვთ იმის უნარი, რომ დასხდნენ ბიჭებთან მოლაპარაკებებზე“, - ამბობს დიასამიძე.

LABOR-ის ხელმძღვანელი დღეს ქარხანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გაფიცულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

„დღეს, გაფიცვის 26-ე დღეა. საწარმოში არიან დირექტორები და ერთი 9-კაციანი სმენა მუშაობს (დამატებითი სმენა), რომელსაც დამსაქმებელი აშინებს, რომ თუ მუშაობას არ გააგრძელებენ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ქარხანა არ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა მუშაობდეს, რადგან ამ ადამიანებს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ და დანადგარებს უფრო მეტად აზიანებენ. გაფიცვის 26-ე დღეა და პროტესტის მონაწილეები ავად გახდნენ“, - ამბობს LABOR-ის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - იყო თუ რა მთავრობის მხრიდან გამოხმაურება, მას შემდეგ რაც მათ პროცესების დარეგულირების მიზნით პრემიერის სახელზე 2 მიმართვა გააგზავნეს, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან გამოხმაურება არ ყოფილა.

„რადგან 26 დღის განმავლობაში დასაქმებულები არიან გაფიცულები და მათ აქვთ პროტესტი მიუხედავად უამინდობისა და იმ რთული პირობებისა, რომელშიც გაფიცვა უწევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მართლა აქვთ პრობლემა, ამიტომ ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდება“, - აცხადებს დიასამიძე.

ცნობისთვის: აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირმა „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხნის დასაქმებულთა გაფიცვა 8 თებერვალს დააანონსა და შესაბამისი წერილი ჯანდაცვის მინისტრსა და კომპანიის მენეჯმენტს გაუგზავნა.

მათი ინფორმაციით, ბაღდათის რაიონში მოქმედი ქარხნის 27 თანამშრომელი ითხოვდა შრომითი ანაზღაურების დარიცხვას ყოველი თვის 15 რიცხვამდე და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის მიხედვით ხელფასების ინდექსაციას; ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას; მე-13 ხელფასს; ღამის ცვლაში მუშაობის ორმაგ ანაზღაურებას; კვების დანამატს; შრომით ხელშეკრულებას მძღოლებისთვის; საპენსიო შენატანის გადახდა დამსაქმებლის მიერ; საწარმოსთან მისასვლელი გზის შეკეთებას; შენობის გათბობით უზრუნველყოფას და მენეჯმენტში ცვლილებას. გაფიცულები და მათი უფლებადამცველი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს პროცესებში ჩართვის მოთხოვნით მიმართავს.

კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „საირმე მინერალ ვოთერსი“ დასაქმებულებს რეგიონში ყველაზე მაღალ ხელფასს უხდის, რაც 1500 ლარითაა განსაზღვრული. კომპანიის მხრიდან კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის მზაობის შემდეგ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ ქარხანაში 7 მარტს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით მოლაპარაკება შედგა, სადაც კომპანიამ დასაქმებულთა მოთხოვნის საპასუხოდ შრომის ახალი პირობები შესთავაზა, თუმცა ეს პირობები გაფიცულებისთვის მისაღები არ იყო. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, კომპანიის მენეჯმენტი დღეს უკვე გაფიცულებთან მოლაპარაკებებს აღარ განიხილავს და საკითხის გადაწყვეტას სამართლებრივი გზით გეგმავს. კომპანია პროცესების დარეგულირებისთვის სახელმწიფოს ჩართულობასაც ითხოვს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები