მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცდომაში ნუ შეგყავთ მოსახლეობა, ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა - ივა ჭყონია "რუსულ კანონზე"

ივა ჭყონია

შეცდომაში ნუ შეგყავთ მოსახლეობა, ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალეა, - ამ სიტყვებით მიმართავს „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ივა ჭყონია ხელისუფლებას.

9 ბიზნესგაერთიანების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე, ივა ჭყონია აღნიშნავს, რომ ვერ წარმოიდგენდა თუ ქართველებს ქართველებისგან ევროპული მომავლის დაცვა მოუწევდათ.

„მე ჩემს პოზიციაზე ვდგავარ - ნამდვილად არ აქვს აზრი ამ კანონპროექტის შინაარსში შესვლას. ამაზე დროის კარგვას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩვენი პარტნიორები, ევროპელები და ამერიკელები, რომლებსაც ჩემზე გაცილებით კარგად ესმით ამ კანონპროექტში რა წერია, როცა მიგვითითებენ და თითს გვიქნევენ, რომ დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, დაგვაშორებს ჩვენს პარტნიორებს, ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერასდროს გამოვისყიდით ჩვენი შვილების წინაშე. იმ თაობის წინაშე, რომელიც გამოსულია და აპროტესტებს იმას, რაც არ უნდა მოხდეს“, - ამბობს ივა ჭყონია.

მისი თქმით, აბსოლუტურად გამჭვირვალე არის ყველა ორგანიზაცია, რომელიც დარეგისტრირებულია, გამჭვირვალეა მათი შემოსავლები და გასავლები.

„შეცდომაში ნუ შეგყავთ მოსახლეობა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველაფერი. განსაკუთრებით აღშფოთებული ვარ ბოლო დღეების ინციდენტების შემდეგ, როცა ჩვენს მოსახლეობას თავს ესხმიან და დაცული არ არის ჩვენი ქვეყნის არცერთი მოქალაქე, ინტერესი არ არსებობს. გაურკვეველი ქმედებები ხდება, კანონსაწინააღმდეგოდ შედიან ადამიანების სახლებში, ახდენენ ჩხრეკას, ეს არის წარმოუდგენელი. დღეს, მოქალაქეები ვალდებული ვართ, დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. მე ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში ქართველებს ქართველებისგან მოგვიწევდა ევროპული მომავლის დაცვა, რის გამოც, 35 წლის წინ 9 აპრილს დაიღვარა სისხლი", - თქვა ივა ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები