ევროკომისიამ ციფრული მომსახურების აქტის მოთხოვნების დარღვევის გამო კომპანია Meta-ს აპლიკაციებში დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინის შეცვლა მოსთხოვა.
გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, ციფრულმა გიგანტმა სოციალურ ქსელებში ვიდეოების ავტომატური ჩართვისა და უსასრულო დათვალიერების ფუნქციები უნდა გამორთოს. ამასთან, ტექნოლოგიურმა გიგანტმა რეკომენდაციების ალგორითმი უნდა შეცვალოს.
როგორც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, Meta მის პლატფორმებზე დამოკიდებულების გამომწვევი დიზაინით შექმნილ საფრთხეებს არასათანადოდ აფასებს. უწყების განცხადებით, პერსონალიზებული რეკომენდაციები და უსასრულოდ "სქროლვის" უფლება მომხმარებლის ტვინს "ავტოპილოტის რეჟიმში" გადაჰყავს. ეს პროცესი კი არაჯანსაღი ჩვევებისა და იძულებითი გამოყენების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. მარეგულირებლის განმარტებით, პრობლემაა მშობელთა კონტროლის მექანიზმებიც, რომელიც რთულადაა წარმოდგენილი და დიდ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს - ეს კი ბავშვებისთვის შეზღუდვების დაწესებას აჭიანურებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში Meta-ს გლობალური წლიური შემოსავლის 6%-მდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
დოკუმენტის გამოქვეყნებას თავად ზაკერბერგის კომპანიაში უკვე გამოეხმაურნენ. სოციალური ქსელის წარმომადგენელის, ბენ უოლტერსის თქმით, ისინი ევროკომისიის წინასწარ დასკვნებს არ ეთანხმებიან, რადგან დოკუმენტში მოზარდების დასაცავად კომპანიის მიერ უკვე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ არის ნახსენები.
ცნობისთვის, ევროპული მარეგულირებელი Meta-ს საქმიანობას 2024 წლის მაისიდან იძიებს და ის სოციალური მედიის მარეგულირებელი წესების დარღვევას უკავშირდება.




























