მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეწყალებაზე საუბარი ზედმეტია, უარი ვთქვი „უდოს“ შემოთავაზებაზეც - ანდრო ჭიჭინაძე

ანდრო ჭიჭინაძე

„ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი. არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება“, - ამის შესახებ დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.

ჭიჭინაძის თქმით, მისთვის ერთადერთი მისაღები გამოსავალი არის სასამართლოს ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, რამდენიმე თვის წინ გასაგებად ვერ გადმომიცია ჩემი სათქმელი. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მეტჯერ ამ საკითხს აღარ დავუბრუნდები. ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ არც უდოს შემოთავაზებაზე მოვაწერე ხელი და მასზეც უარი ვთქვი“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა, რომელიც მისთვის მისაღებია. ამასთან, განცხადებაში ის მიმართავს იმ პირებსაც, რომლებიც, მისი შეფასებით, ქალის მიმართ დევნას ამართლებენ და უდანაშაულო ადამიანების პატიმრობას ითხოვდნენ.

„ის ხალხი კი, ვინც ქალის მიმართ დევნას ამართლებთ და უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებას პირდაპირ ითხოვდით, თავდებობით თავს ნუ შეიწუხებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები