გერგეტის სამების რეაბილიტაციისთვის კულტურულ მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 679 058 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
ხელშეკრულება, რომელიც "ჯავა კონსტრაქშენთან" მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა სააგენტოს ცნობით, პირობების დარღვევის გამო შეწყდა.
ახალ გამოცხადებულ შესყიდვაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 29 აგვისტოა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხუროთმოძღვრული კომპლექსის არსებული მდგომარეობა საჭიროებს რეაბილიტაციას, რისთვისაც შესრულდა რეაბილიტაციის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია:
- მთავარ ტაძარზე არსებული ფურცლოვანი სპილენძის საფარის შეცვლა ახალი სპილენძის საფარით, ნაშვერებისა და საცრემლეების მოწყობით;
- სამრეკლოს გუმბათზე არსებული ლორფინის ძველი სახურავის რეაბილიტაცია და მასზე ახალი ფურცლოვანი სპილენძის სახურავის მოწყობა;
- ლორფინებს შორის არსებული ნაკერების ამოსუფთავება-ამოიგოზვა;
- სამრეკლოს მეორე სართულის გარე ჰორიზონტალურ პერიმეტრზე ფურცლოვანი სპილენძის გადახურვის მოწყობა;
- ექსტერიერში და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია, საპირე ქვებს შორის არსებული ნაკერების ამოგოზვა და ინტერიერში კამარების რესტავრირება;
- ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეორე სართულზე, არსებული სამალავის ჩამოშლილი კამარების ნანგრევებისგან გაწმენდა და ახალი გადახურვის მოწყობა;
- ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ფასადის არსებული ცოკოლის ლილვის თავზე დაძრული ქვების კონსერვაცია;
- ეკლესიის ცოკოლის მთელ პერიმეტრზე ლილვის და ქვებს შორის ნაკერების დამუშავება და ამოგოზვა;
- მეხამრიდის მოწყობა;
- ეზოში, ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექების გადაყვანის მოწესრიგების მიზნით, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის მთელ სიგრძეზე არსებული გასასვლელისა და ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთის არსებული ფიქალი ქვების მოხსნა და პროექტის მიხედვით დადგენილი ნიშნულების პარამეტრების დაცვა.