მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუძლებელი მინიმუმი - შესაძლებელია თუ არა 5-მა ადამიანმა თვეში 339 ლარად იცხოვროს?

5bd027ce858ed
შოთა ტყეშელაშვილი
24.10.18 12:10
1621

წარმოიდგინეთ რომ მოგცეს 339 ლარი და გითხრეს რომ ამ თანხით 30 დღის განმავლობაში საკუთარი თავი და კიდევ ოთხი ადამიანი უნდა შეინახოთ. თან ეს უნდა მოახერხოთ ისე, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მიიღოთ ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიენტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი - საქსტატის გათვლებით ამის მოხერხება შესაძლებელია. სწორედ 339 ლარი და 10 თეთრია 2018 წლის სექტემბერში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებელი. ემპირიული დაკვირვებით ალბათ ყველას შეუძლია თქვას, რომ ის თვეში 67 ლარად და 82 თეთრად (339-ის ერთი მეხუთედი) სრულფასოვნად ვერ იცხოვრებდა. მაშინ საინტერესოა რას ითვლის საქსტატი და რას წარმოადგენს სინამდვილეში საარსებო მინიმუმის ცნება.

როგორ ითვლიან საარსებო მინიმუმს?

საქართველოში საარსებო მინიმუმს 1997 წლიდან ითვლიან. სწორედ ამ წელს მიიღო პარლამენტმა კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს. კანონის მიხევდით, საარსებო მინიმუმი წარმოადგენს სოციალური ორიენტირს, რომელიც გამოიყენება ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის. შესაბამისად, მის ოდენობას, ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური დატვირთვა აქვს.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით 2003 წლის 8 მაისს განისაზრვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯო გათბობის ხარჯების გამო საშუალოდ 20%-ით მაინც უფრო ძვირია ვიდრე ზაფხულში. იმის გამო რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა მცირეა. მაგალითად, 2017 წლის იანვარში ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 349 ლარს შეადგენდა, აგვისტოში კი ის 341 ლარი იყო. რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად სავარაუდოა სეზონებს შორის სხვაობა ასეთი მცირე ყოფილიყო.

საკვები რაციონი, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი გამოიანგარიშება დღეში 2300 კილოკალორიას მოიცავს. ეს ცხრილი ასე გამოიყურება:

  • პური - თვეში 7.5 კილოგრამი (დღეში 250 გრამი)
  • ლობიო - თვეში 600 გრამი;
  • ბრინჯი - თვეში 300 გრამი;
  • მაკარონი - თვეში 450 გრამი;
  • ღორის ხორცი - თვეში 300 გრამი;
  • ქათმის ხორცი - თვეში 600 გრამი;
  • ძეხვი - თვეში 300 გრამი;
  • კარტოფილი - თვეში 4.5 კილოგრამი;
  • კომბოსტო - თვეში 1.2 კილოგრამი;
  • მაწონი - თვეში 750 გრამი
  • სრული რაციონი იხილეთ  ბმულზე.

    საარსებო მინიმუმის გამოთვლის შემდეგ საფეხურზე აღნიშნულ საკვებ რაციონს აჯამებენ, რის შედეგადაც დაიანგარიშება თვეში საკვები რაციონის ღირებულება. შემდეგი საფეხური ამ მიღებული თანხის “შევაჭრების კოეფიციენტზე” გაყოფაა.


რა არის ე.წ. “შევაჭრების კოეფიციენტი”?

დავუშვათ რომ საკვები რაციონის საერთო ღირებულება გამოვიდა 200 ლარი. საქსტატი ამ მიღებულ რიცხვს ყოფს 0.86-ზე, ანუ მას 14%-ით ამცირებს. ამას “შევაჭრების კოეფიციენტის” შეწონვა ეწოდება. მთავრობის შეფასებით, ადამიანი, რომელიც ამ სასურსათო კალათას ყიდულობს თითოეულ შენაძენზე პროდუქტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 14%-იან ფასდაკლებას იღებს.

2003 წელს ამ მეთოდოლოგიის დაწერის დროს მაღაზიებში პროდუქტების ფასზე ვაჭრობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, თუმცა დღეს ფასზე შევაჭრების შესაძლებლობა ბევრად ნაკლებია, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში კი ის პრაქტიკულად შეუძლებელია.

რა ხდება მას შემდეგ, რაც სასურსათო ხარჯებს დაითვლიან?

სასურსათო კალათის ღირებულებას საქსტატი ყოფს  0.7-ზე, ეს კი იმიტომ, რომ საარსებო მინიმუმში საკვების ხარჯები განისაზღვრება 70%-ით. მეთოდოლოგიის მიხედვით, დანარჩენი 30% არის არასასურსათო ხარჯები, თუმცა აღნიშნული არასასურსათო ხარჯები გაწერილი არაა და ისევე სურსათის ღირებულებიდან გამომდინარეობს. ხარჯების პირობითად ასეთი გადანაწილება (70% სურსათი, 30% სხვა დანარჩენი ხარჯები) ეფუძნება ეკონომიკურ დაშვებას, რომ რაც უფრო ღარიბია ადამიანი მის მთლიან ხარჯებში სურსათის წილი უფრო მაღალი იქნება.

საქსტატის  მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 41.4%-ია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის 41.4%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს 58%-ს კი სხვა სერვისებში იხდის (მაგალითად, გადასახადები, ტრანსპორტი, განათლება კომუნალური ტარიფები, გართობა და სხვა). საარსებო მინიმუმის დათვლაში კი გამოიყენება სასურსათო ხარჯების 70%-იანი მაჩვენებელი, დანარჩენი 30% ისევე სურსათის ხარჯებიდან იანგარიშება. შესაბამისად, ერთადერთი რეალური ცვლადი რომელსაც დღეს საარსებო მინიმუმზე აქვს გავლენა არის ქვეყანაში სურსათის ფასები.

საარსებო მინიმუმის დათვლის საერთაშორისო გამოცდილება

მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი საარსებო მინიმუმს საერთოდ არ ითვლის. არ არსებობს ერთიანი საერთაშორისო მეთოდოლოგია, თუ როგგორ უნდა აღირიცხოს საარსებო მინიმუმი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  კვლევის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმს აღრიცხავენ თითქმის ანალოგიური სისტემით, რაც 2005 წლამდე ყაზახეთში გამოიყენებოდა. საუბარია 70%/30%-ის პროპორციულ განაწილებაზე. ყაზახეთში დღეს მოქმედი სისტემით, საარსებო მინიმუმში საკვების წილი არის 60%, ხოლო სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯების წილია 40%.

რუსეთში საარსებო მინიმუმის სტატისტიკაში არასაყოფაცხოვრებო ხარჯები სასურსათო ხარჯების მექანიკურ დანამატს არ წარმოადგენს და ის ტანსაცმლისგან, საყოფაცხოვრებო ხარჯებისგან, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფისგან, ასევე, ჯანდაცვისა და სატრანსპორტო ხარჯებისგან შედგება. მსგავსი მეთოდოლოგია მოქმედებს ტაჯიკეთშიც.

მოძველებული დაპირებები

იმას, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია წლებია არ გადახედილა ამას საქსტატშიც ადასტურებენ, თუმცა კანონი მათ იმ მეთოდოლოგიით ავალდებულებს ამ მინიმუმის დათვლას, რასაც მთავრობა დააწესებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ერთერთი დაპირება სწორედ საარსებო მინიმუმის მეთოდოლოგიის ცვლილება იყო. პარტიის დამფუძნებელი ამას ამბობდა:

“ჩვენ დავადგეთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს, ცხადია ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი,”- ბიძინა ივანიშვილი.

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 6 წელი გავიდა, თუმცა მეთოდოლოგია კვლავ უცვლელია. შედეგად შრომისუნარიანი მამაკაცის ცხოვრებისთვის საჭირო საარსებო მინიმუმი არის 170 ლარი, ანუ $62 დოლარი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმია 150 ლარი, ანუ $55 დოლარი. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი - 241 ლარია (120 ლარი ერთ პირზე), სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმია - 271 ლარი, ანუ 90 ლარი ერთ პირზე, ოთხსულიანის 301 ლარი, ანუ ადამიანზე 75 ლარი, ხუთსულიანის კი 339 ლარი, ანუ 67 ლარი. ეს თვეში ერთ ადამიანზე 24 დოლარს, ხოლო წელიწადში კი $297 დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები