საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციამ, რომელიც ამჟამად 10-წლიან მაქსიმუმზეა, მარტიდან კლება უნდა დაიწყოს. ამის შესახებ გვენეტაძემ "რადიო ფორტუნასთან" საუბარში განაცხადა.
ამჟამად ქვეყანაში 13.9%-იანი ინფლაციაა, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი 2021 წლის დეკემბრის შემდეგ 10.5%-ზეა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება ინფლაციის კლებაზეც მოახდენს გავლენას.
“იქიდან გამომდინარე, რომ ლარის გაცვლითი კურსი არის გამყარებული, შეუძლებელია, არ აისახოს ამ ყველაფერზე [ფასებზე].
სხვადასხვა პროდუქტზე ფასები არის შემცირებული, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს, რადგან შეიძლება, ზოგიერთი პროდუქტის ფასის შემცირება სეზონურობის ბრალი იყოს…
მოგეხსენებათ, დღეს ინფლაცია მთავარი გამოწვევაა და პანდემიის არაორდინარულმა მოვლენებმა: მიწოდების ჯაჭვების მოხსნამ, საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებამ და მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსმა, გამოიწვია დიდი გამოწვევები მთელ მსოფლიოში.
მარტიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს. მოგეხსენებათ, 13.9% პროცენტი წლიური ინფლაცია იყო. თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მაჩვენებლიდან 3,6% პუნქტი კომუნალურ გადასახადებზე მოდის. ძირითადი ნაწილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო სტატისტიკური ეფექტია. როდესაც ეს სუბსიდია შეჩერდება, ვფიქრობთ, მარტიდან უნდა მოხდეს მისი ეფექტის აღმოფხვრა. ასე რომ, ჩვენი მოლოდინი და პროგნოზი არის უცვლელი. მარტის თვიდან ინფლაციამ შემცირება უნდა დაიწყოს და დროთა განმავლობაში იგი უნდა დაუახლოვდეს 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს",– აცხადებს კობა გვენეტაძე.
2021 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში არსებული მზარდი ინფლაციის გამო, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა. კითხვაზე, თუ როდის დაიწყებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, სებ-ის პრეზიდენტი პასუხობს, რომ მას შემდეგ, რაც ინფლაცია მართლაც დაიწყებს შემცირებას, განაკვეთიც ეტაპობრივად დაიკლებს.
“მას შემდეგ, რაც უტყუარად დავინახავთ, რომ ინფლაციის შემცირებასთან ერთად, ინფლაციური მოლოდინები ნამდვილად მცირდება, ზომიერი ნაბიჯით შევამცირებთ მონეტარულ პოლიტიკას. ჩვენ სხვადასხვა ფაქტორს ვუყურებთ და სხვადასხვა მიმდინარეობებს. მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ, ლარში განთავსებული ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობას, რომელიც ინფლაციური მოლოდინების კარგი ამსახველია.
თუკი შევხედავთ ბოლოს განახლებული ლარის შემოსავლიანობის მრუდს, ფინანსურ ბაზარზე საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთებში შემცირების მოლოდინები ნამდვილად იკვეთება,”- ამბობს კობა გვენეტაძე.
თავის მხრივ, რეფინანსირების განაკვეთის კლების შემთხვევაში მოქალაქეთა და ბიზნესების სესხების საპროცენტო განაკვეთის ტვირთიც ეტაპობრივად შემცირდება. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, თუკი ინფლაცია სტაბილურად შემცირდება, წელს რეფინანსირების განაკვეთი 2-2.5%-ის შუალედში შემცირდება.




























