მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეუძლებელია, ნატურალური ჩურჩხელა 3 ლარად იყიდო" - "ელიბოს მარანი"

ჩურჩხელა

კახეთში, სოფელ ართანაში მდებარე „ელიბოს მარნის“ დამფუძნებლის შალვა ხუციშვილის თქმით, მომხმარებელი დაბალ ფასში ნამდვილ ჩურჩხელას ვერ შეიძენს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დამზადება საკმაოდ ხარჯიანია.

როგორც BM.GE-სთან ხუციშვილმა აღნიშნა, დღეს შეუძლებელია, ნატურალური ჩურჩხელა 3 ლარად იყიდო

„თუ ჩურჩხელა ნატურალურია, ის აუცილებლად ძვირი იქნება. შეუძლებელია 3 ლარად ჩურჩხელა იყიდო და ის იყოს ნამდვილი. იმიტომ, რომ ბადაგი არის ყურძნის წვენის განახევრება. მაგალითად, 1 ლიტრი ღვინო რომ მიიღოს, საჭიროა 2 კილოგრამი ყურძენი, ხოლო 1 ლიტრი ბადაგისთვის საჭირო 4 კილოგრამი ყურძენი. აქედან გამომდინარე, ბადაგი ხარჯიანია. კაკალი და თხილიც გაძვირებულია. მე კი ჩემი მაქვს ვენახები, მაგრამ ბიზნესურად ასეა“, - განმარტავს ხუციშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩურჩხელაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. როგორც შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, გასულ წლებში საახალწლო სეზონზე „ელიბოს მარანი“ 300-500 ჩურჩხელას ამზადებდა, წელს კი წარმოება გააორმაგა და უკვე 1 000 ცალი გაყიდა. ამ დროისთვის მათ კიდევ 200 ცალი ჩურჩხელის შეკვეთა აქვთ, თუმცა დამატებით შეკვეთებს ბადაგის უქონლობის გამო უკვე ვერ მიიღებენ.

შალვა ხუციშვილი მომავალ წელს ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც კიდევ 2 ადამიანის დასაქმებას მოიაზრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები