სავალდებულო აუდიტის გავლა 2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას მოუწია. კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ბიზნესის ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები შემოსავლის, აქტივებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი.
ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ თავად ფაქტს მიესალმება, თუმცა, პრობლემა კვალიფიციური აუდიტორების სიმცირეში და გაზრდილი მოთხოვნის გამო მომსახურების გაძვირებაშია.
„საქართველოს ბიზნესასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია მსგავს ჩივილებზე და ფიქრობენ, რომ სავალდებულო აუდიტის დანერგვა კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ვალდებულება შემოვიდა ბევრი კომპანიისთვის, რომ მომხდარიყო შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა. ეს ერთ-ერთი ნაბიჯია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, რადგან საჯაროობა უზრუნველყოფს ყველა მონაწილე კონტრაგენტისთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებას, როგორც საბანკო სექტორისთვის, რადგან ისინი ინფორმაციას უფრო ადვილად იღებენ, ასევე პროცესში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის“,- აცხადებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობა კომპანიებს სამომავლოდ მათი ფასიანი ქაღალდების გამოშვებას გაუმარტივებს.
სავალდებულო აუდიტზე ბიზნესის ჩივილებს არ იცნობს არც საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ მათთვის ამ პრობლემით არავის მიუმართავს.
„ზაფხულის პერიოდში ჩვენ გვქონდა აქტიური კომუნიკაცია ბიზნესასოციაციებთან და შესაბამის უწყებასთან, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ რეფორმას. ყველა საკითხი მაშინ იქნა გაზიარებული“,- აცხადებს ლექვინაძე.
2018 წლის ოქტომბრამდე ზოგიერთ კომპანიას სავალდებულო აუდიტის განხორციელება მოუწია. ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1 ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწიათ. 1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.