უცხოელებზე მიწის მიყიდვის შესახებ ახალი რეგულაციები სახელმწიფო პროგრამებს აფერხებს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის პარლამენტისთვის მიწერილ წერილშია აღნიშნული, რომლითაც ზურაბ ძნელაშვილი მიწის გასხვისების შესახებ მორატორიუმზე გარკვეული გამონაკლისების დაშვებას ითხოვს.
ბიზნესომბუდსმენის წერილში განმარტებულია, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის რეგულაციით შეფერხდება ის სახელმწიფო პროგრამებიც, რომლებიც ბანკების მიერ კრედიტის გაცემის კომპონენტს ითვალისწინებს, მაგალითად შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა. ომბუდსმენის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საგანს სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები წარმოადგენს.
ბიზნესომბუდსმენის აზრს იზიარებს "ფერმერთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც. მისი თქმით, თუ უცხოელებზე მიწის მიყიდვა სრულად აიკრძალა, ხოლო ბანკი იძულებული იქნება მის საკუთარებაში არსებული მიწა ერთი წლის განმავლობაში გაყიდოს, ბანკი უზრუნველყოფაში მიწას აღარ ჩაიდებს. შესაბამისად, ზამბახიძის თქმით, ისეთი სახელმწიფო პროექტები, რომლებიც სესხის სანაცვლოდ უზრუნველოყოფაში მიწის ჩადებას ითვალისწინებს, ვეღარ განვითარდება.
"ფერმერთა ასოციაციამ" დაგეგმილ რეგულაციებში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით ოფიციალური წერილი გაავრცელა და ეს საკითხი EBRD-ის ინვესტორთა საბჭოს წინაშეც დააყენა.
"მე მქონდა შეხვედრა პარლამენტის თვამჯდომარესთან. კონსტიტუცია 2 მოსმენით უკვე მიღებულია და აღარ შეიცვლება, რადგანაც მესამე მოსმენა ძირითადად ფორმალური და ტექნიკური ხასიათიაა. ამიტომ, ჩვენი მიზანია, ორგანულმა კანონმა იმდენად კარგად დაარეგულიროს ეს ყველაფერი, რომ რაიმე სახის პრობლემა არ შეიქმნას. მაგალთად მიწის ფლობის უფლება ბანკს ერთი წელი კი არა, 3-4 წელი ჰქონდეს, რომ მისი გაყიდვა მოახერხოს",- აცხადებს ნინო ზამბახიძე.
ფინანსისტი ვასილ რევიშვილი კი მიიჩნევს, რომ რეგულაციების ამოქმედების შემთხვევაში ბანკები უზრუნველყოფაში მიწას ისევ ჩაიდებენ, მაგრამ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე აქამდე, რადგან მიწის ლიკვიდურობა შემცირდება.
"როდესაც პოტენციური მყიდველი ნაკლები ჰყავს ნივთს, ფასი, რა თქმა უნდა, უფრო დაბალია",- ამბობს რევიშვილი.
მისივე შეფასებით, შედეგად, ბანკები ერთ ჰა მიწაზე ნაკლებ სესხს გასცემენ, ვიდრე აქამდე. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს გაუუარედსებათ სესხის პირობები და თუ დღეს სესხს 10%-ად იღებენ, შემდეგში 15%-ად აიღებენ.
შეგახსენებთ, რომ დაგეგმილი რეგულაციებით, იკრძალება უცხოელებზე მიწების მიყიდვა. ასევე ბანკი, რომელიც უცხოური კაპიტალით არის შექმნილი, ვალდებულია, სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული და მის მფლობელობაში გადასული მიწა ერთ წელში გაასხვისოს. საქართველოში მოქმედი ბანკების უმრავლესობა კი უცხოური კაპიტალით არის შექმნილი.
აღნიშულ პრობლემაზე საუბრობდა "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძეც, რომელიც აცხადებდა, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები სასოფლო-სამეურნეო მიწების გირაოში ჩადებას კიდევ უფრო გაართულებს.

























