2030 წლისთვის, კურორტების განვითარების სააგენტოს ინიციატივით საქართველოში შექმნილი იქნება 40 ახალი კურორტი, სადაც მოწყობილი იქნება ინფრასტრუქტურა, მოზიდული იქნება ინვესტიციები და აშენებული იქნება გამაჯანსაღებელი და ტურისტულ-სპორტული ობიექტები - ასეთი იყო სანდრო ონოფრიშვილის უწყების მისია, თუმცა როგორც ჩანს ამ პროცესს 2026 წლიდან დამოუკიდებლად ვეღარ გააგრძელებს, რადგან სააგენტო უქმდება და აღნიშნული ორგანიზაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემადგენლობაში გადაინაცვლებს. ორგანიზაცია დამოუკიდებელი სახით არსებობას 2026 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტს. აღნიშნული ორგანიზაცია მთავრობამ 2022 წლის 8 ივლისს დააფუძნა და მის მიზანს კურორტების განვითარების პროექტების მომზადება და მათი განხორციელება წარმოადგენდა. უწყების ბიუჯეტი 2025 წელს 6 მილიონ ლარს შეადგენდა. კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტს სანდრო ონოფრიშვილი იკავებდა, რომლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სააგენტოს უფროსის წლიური ანაზღაურება 90,000 ლარს შეადგენდა. უწყების 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის განმავლობაში კურორტების განვითარების სააგენტომ 60 კურორტისა და საკურორტო ადგილის არსებული მდგომარეობა შეისწავლა. შედეგად, შერჩეულ იქნა 12 შედარებით მეტი ტურისტული პოტენციალის მქონე ლოკაცია, სადაც საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიების მიერ ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები ჩატარდა, თუმცა რეალურად ადგილზე ფიზიკური სამუშაოები კურორტის განვითარების მიზნით არ დაწყებულა. რამდენად ეფექტიანი იყო სანდრო ონოფრიშვილის უწყების სამ წლიანი საქმიანობა, რა შეიცვალა კურორტებზე 2022 წლიდან და გამოიკვეთა თუ არა რეალური ახალი მიმართულებები?
სტუმარი: თემურ დიასამიძე - ტურიზმისა და უძრავი ქონების ექსპერტი/ საინვესტიციო მრჩეველი


































