რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
საუბარია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, რომელიც 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ დოლარი. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება.
"სწორედ აღნიშნული პროექტით შევძლებთ უზრუნველვყოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, საერთაშორისო ვიზიტორებს და მოსახლეობას სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მიმართულებაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები“, - აცხადებს იოსელიანი.
ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნესს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
























