„კამექს ეარლაინსის“ მიერ სლოვენიაში დაფუძნებულმა ავიაკომპანია - CAMEX ADRIA Airline-მა კომერციული ფრენების ნებართვა მოიპოვა. ამის შესახებ Bm.ge ს „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სლოვენიურ სატვირთო ბორტს უფლება აქვს ევროკავშირში შიდა და საერთაშორისო კომერციული ფრენები განახორციელოს.
როგორც გიორგი სეთურიძე განმარტავს, ქართული სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ეს პირველი პრეტენდენტია, როდესაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ქართული ინვესტიციით და მენეჯმენტით შექმნილი ავიაკომპანია წარმატებით ასრულებს სერტიფიკაციის პროცესს და ევროკავშირის საავიაციო ბაზრის სრულუფლებიანი მოთამაშე ხდება:“ამით დავადასტურეთ, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, რაც ერთ-ერთ ყველაზე რეგულირებად და რთულ ბიზნესს აქვს ევროკავშირში“, - ამბობს იგი.
გიორგი სეთურიძის განცხადებით, „კამექს ეარლაინსის“ მიერ დაფუძნებული კომპანიის მიერ ევროპის ბაზარზე შესვლა, ასევე ხელს შუწყობს, ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელშეწყობა და პოლიტიკური ნება, ამისი მუდამ იყო, საჭირო იყო რომ ამაში ბიზნესი ჩართულიყო და ამის რეალიზება ბიზნესს გაეკეთებინა. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის - აუცილებლად შევეცდებით, რომ ქართული ავიაბიზნესი, თბილისის და ქუთაისის, როგორც საავიაციო ჰაბების განვითარების გზას დაადგეს", - განაცხადა სეთურიძემ.
მისივე თქმით, იმ ფონზე როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, დიდ სურვილს და მიზანს რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ ბენეფიტი, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისი რეგულაციებით და კანონმდებლობით, საქმიანობის წარმართვა წარმატების ერთ-ერთი საწინდარი იქნება.
რაც შეეხება ინვესტიციას, „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელოს თქმით, პროექტი ამერიკული საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance -ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა:“Gazelle Finance-ის ინვესტიცია დაახლოებით 7 მილიონი ლარია. ზოგადად კი ამ ეტაპზე კომპანია ექსპლუატაციას, დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებს უწევს და ამ აქტივების მოზიდვისთვის დაახლოებით 30 მილიონი ლარია დახარჯული“, - ამბობს იგი.
კითხვაზე, გაზრდის თუ არა „კამექს ეარლაინის“ შესვლა ევროპის ბაზარზე დასაქმებულთა რაოდენობას? - მან განაცხადა, რომ დიახ. „ამ ეტაპზე დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული და ფარეხების ინტენსიურად გაზრდასთან ერთად კადრების დამატებაც მოხდება“, - თქმა მან.
გიორგი სეთურიძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიას მხოლოდ სატვირთო ავიაგადაზიდვები აქვს და მათი უპირველესი ამოცანაა, ამ სეგმენტში სტაბილურ და მყარად განვითარება და ოპერირებაა