მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შევეცდებით საინვესტიციო ოქროს შეძენის სერვისი საქართველოს 2026 წლიდან შევთავაზოთ - "პეისერა"

ოქრო

2026 წლიდან საქართველოში ოქროს ზოდებისა და საინვესტიციო მონეტების მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება - ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები.

ცვლილებებს დადებითად აფასებს „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი. დიმიტრი ქუმსიშვილი გვიხსნის, რომ საინვესტიციო ოქროს შეძენის შესაძლებლობას პეისერა ბანკის მეშვეობით ევროპაში შესაძლებელია, თუმცა ეს პროდუქტი საქართველოში ხელმისაწვდომი აქამდე არ იყო, რადგან დღგ-თი დაბეგვრა აქტივს საინვესტიციო მიმზიდველობას უკარგავდა. ქუმსიშვილის თქმით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ შესაბამისი პროდუქტი საქართველოს ბაზრისთვის 2026 წლიდან ხელმისაწვდომი გახდება.

“ჩვენ საქართველოში აღნიშნულ სერვისს არ ვთავაზობდით აქამდე ჩვენს მომხმარებელს იმიტომ, რომ ევროპიდან აღნიშნული ოქროს მოწოდება დღგ-თი იბეგრებოდა და, შესაბამისად, ეკონომიკურ აზრს კარგავდა. დღეს, როდესაც მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დავნერგავთ ამ პროდუქტს და, შესაბამისად, ჩვენს მომხმარებელს უკვე ექნება შესაძლებლობა აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის.

თვითონ პროდუქტის შინაარსი ასეთია, მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ოქროს მონეტა ან ზოდი, ამის შემდეგ მას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს ოქროს მონეტა ან ზოდი დატოვოს ბანკის საცავში, ან მითითებულ მისამართზე უკვე მიუტანოს... მივუტანოთ ჩვენი საკურიერო მომსახურებით.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ მოთხოვნადი სერვისია. საინფორმაციო ბიულეტენებში, რაც ვრცელდება ეროვნული ბანკის საინვესტიციო მონეტებზე, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და თუ ეროვნული ბანკის გარდა კიდევ კერძო მომწოდებლები გაჩნდებიან ბაზარზე, დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობა აუცილებლად ისარგებლებს ამით.

ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პროდუქტი 2026 წელს უკვე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.”-ამბობს „პეისერა ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები