მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შევთანხმდით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება" - ჟორჟოლიანი ფარმაცევტულ სექტორთან შეხვედრაზე

ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობა ფარმაცევტულ სექტორთან შეთანხმდა, რომ მედიკამენტებზე ფასების შემცირება შესაძლებელია. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა "ფასების კომისიისა" და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, კომისიამ გააფართოვა თავისი მანდატი ორი მიმართულებით, ესენია მედიკამენტები და საწვავი. შეხვედრა იყო მედიკამენტების წარმომადგენლებთან, ასევე სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან, ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ფასების შემცირება. ამას სჭირდება გარკვეული მუშაობა, შესაძლოა რეგულაციების ცვლილებაც, რასთან დაკავშირებითაც აქტიურად იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მოსახლეობაზე წნეხი ფასებთან მიმართებით და საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ თითოეულ მოქალაქეს სოციალური ხარჯი", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან "ფასების სამთავრობო კომისიის" შეხვედრა უკვე დასრულდა. კომისიას "ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს და ამ დრომდე შეხვედრა უკვე გაიმართა სუპერმარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. მიმდინარე კვირაში დაგეგმილია შეხვედრა საწვავის კომპანიებთანაც.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბოლოს ირაკლი კობახიძემ საქართველოში პროდუქტების ფასებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები