მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შევხვდი მასწავლებლებს, მათი მთავარი წუხილი ბიუროკრატიაა - დეპუტატი

648859e6d8860
BM.GE
13.06.23 15:55
1086
მასწავლებლების მთავარი წუხილი არის ის ბიუროკრატია, რომელიც მათ სამინისტროსგან დაევალათ. ეს მათ ართმევს მთელ დროს, რომელსაც ისინი წესით ბავშვებს უნდა უთმობდნენ, - ამის შესახებ "მოქალაქეების“ წევრმა, ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, სამინისტრო ხელს უშლის მასწავლებლებს, შეასრულონ ყველაზე მთავარი - მისცენ ბავშვებს ხარისხიანი განათლება.

"დღეს ვაპირებ ვისაუბრო მასწავლებლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. შევხვდი მასწავლებლების დიდ ჯგუფს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებიდან და მათ აქვთ ერთი წუხილი, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ბიუროკრატია, რომელიც დაევალათ მათ სამინისტროს მიერ. ეს ბიუროკრატია მათ ართმევს მთელ დროს, რაც მასწავლებელს პირველ რიგში სჭირდება იმისთვის, რომ მოამზადოს ხარისხიანი გაკვეთილი ბავშვებისთვის და მეორე, მათ საერთოდ აღარ რჩებათ დრო პირადი ცხოვრებისთვის. წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში ისინი არიან სკოლაში, ზოგი მათგანი გახანგრძლივებულშიც რჩება, შემდეგ მოდიან სახლში, მოაქვთ ვეებერთელა ბაინდერები, სხედან და ტესტებს ასრულებენ. ეს ტესტები დაევალათ იმიტომ, რომ მასწავლებლებმა დაუმტკიცონ მშობლებს, რომ მათ შვილებს ნიშანი არ დააკლეს, ესეც აბსურდია, მე ვისურვებდი, რომ მშობლები მთელი წლის განმავლობაში ჩართულები იყვნენ საკუთარი შვილების სწავლის პროცესში, რადგან ეს ჩვენს სკოლებში სწავლის ხარისხს ნამდვილად გააუმჯობესებს. გამოდის, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებლებს ართმევს ყველაზე მთავარს, უფრო სწორად, ხელს უშლის მასწავლებლებს შეასრულონ ყველაზე მთავარი - მისცენ ჩვენს შვილებს განათლება.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა მინისტრთან კომიტეტის ფარგლებში, ის დაგვპირდა, რომ ამ ბიუროკრატიას გააუქმებდა. ამაზე საუბარი რომ დავიწყეთ, პირველივე, რაც მან თქვა იყო ის, რომ ეს ბიუროკრატია აღარ იქნებოდა და მასწავლებლებს ექნებოდათ საშუალება გაეკეთებინათ თავისი საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ დაპირება რჩება დაპირებად, მასწავლებლებს აქვთ იგივე პრობლემა და მე იმედს ვიტოვებ, რადგან ახლა არის კარგი პერიოდი ცვლილებებისთვის, იწყება არდადეგები და სამინისტროს აქვს დრო იმისთვის, რომ ეს შეცვალოს, მასწავლებლები უნდა გავათავისუფლოთ ამ წნეხისგან და მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს შვილებს მისცენ ხარისხიანი განათლება“, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები