ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ საქართველოზე კომენტარი გააკეთა.
"მე კომუნისტურ პოლონეთში დავიბადე. ეს იყო ავტორიტარული რეჟიმი, თუმცა გარკვეული პერიოდი უცხოეთში მოგზაურობის უფლებას გვაძლევდა. იმ დროს განსაკუთრებით მადლიერები ვიყავით ისეთი ქვეყნების მიმართ როგორებიცაა: ავსტრია, შვედეთი, დასავლეთ ბერლინი, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობის უფლებას გვაძლევდნენ. ეს ჩვენთვის იყო ფანჯარა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეზღუდვები უნდა დაწესდეს მათ მიმართ, ვინც რეპრესიაზეა პასუხისმგებელი და არა ქართველ ხალხზე", - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.
დღეს, 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომაზე საქართველოს საკითხზე მსჯელობდნენ. დღის წესრიგის მიხედვით, ევროკავშირს საქართველოში ხელისუფლების მზარდ რეპრესიებზე საპასუხო ზომები უნდა განეხილა. შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება.




























