შიდა ფრენების ტენდერში გამარჯვებულად „აკ-ეარ ჯორჯია“ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ მიიღო. თუ კომპანიამ მისთვის მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად და დროულად წარადგინა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში შიდა ფრენებს სწორედ ის განახორციელებს.
საუბარია 50 მილიონამდე(49`556`914 ლარი) ლარის ღირებულების კონტრაქტზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს შესყიდვაში მონაწილეობა არცერთ სხვა კომპანიას არ მიუღია.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ევალება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის მიზნით, ერთი მცირე ზომის (არანაკლებ 15 ადგილიანი) და ერთი საშუალო ზომის (არანაკლებ 30 ადგილიანი) საჰაერო ხომალდებით ავიარეისების ორგანიზება და შესრულება.
მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.
4 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ უნდა შეასრულოს ავიარეისები:
- მცირე ზომის საჰაერო ხომალდით - საორიენტაციო ჯამური რაოდენობა 2248 რეისს;
- საშუალო ზომის საჰაერო ხომალდით - საორიენტაციო ჯამური რაოდენობა 2487 რეისს.
მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ამჟამადაც შიდა ფრენებს კომპანია “აკ-ეარ ჯორჯია“ ახორციელებს, რომელთანაც დროებითი ხელშეკრულება იყო გაფრომებული.

























