მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებზე მომხმარებელი ბილეთში სიმბოლურ ფასს იხდის - აკეარ ჯორჯია

შიდა ფრენები

სუბსიდირებული შიდა ფრენების პირობებში მგზავრები ბილეთში სიმბოლურ ფასს იხდიან - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა "საქმიანი დილაში" "აკეარ ჯორჯიას” ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა განაცხადა.

ირინა მღებრიშვილი ამბობს, რომ მცირე ბაზრის პირობებში შიდა ფრენები ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული და ახალი ტენდერის პირობებში ფასების გადახედვა აუცილებელია.

"ამ პერიოდში სახელმწიფო სუბსიდირების ნაწილი 61-62%-ია, მგზავრის გადახდილი თანხა 38-39%-ია, რაც მე ვთვლი, რომ სიმბოლური ფასია. მიუხედავად იმისა, რომ ამაში საქართველოს ბევრი მოქალაქე არ დამეთანხმება და იტყვის, რომ 90 ლარად სალონიკში დაფრინავს და რა უნდა მესტიაში 90 ლარად.

ქვეყანა პატარაა, ავიაცია საკმაოდ ძვირი სექტორია. სერვისის და უსაფრთხოების დონე იმდენად მაღალია, რომ ტექნიკური მომსახურების პროგრამები ძალიან ძვირი ჯდება. მთავარი არის ის, რომ სიხშირე უნდა იყოს ძალიან მაღალი. ახლა, ერთადერთი მიმართულება გვაქვს, მესტია სადაც საშუალო წლიური დატვირთვა 90%-ის ფარგლებშია. ასევე, ზაფხულის პერიოდში ბათუმის დატვირთვა 90-100%-ს აღწევდა, მაგრამ საშუალო წლიური დატვირთვა ამ მიმართულებაზე იყო 75%. ავიაციაში 70% ითვლება ნულოვან წერტილს ოდნავ აცილებად. გაიზარდა ამბროლაურის მიმართულებაზე დატვირთვაც. იყო პერიოდი, როცა კვირაში ერთხელ დავფრინავდით, იმიტომ რომ მგზავრი არ იყო და ამ შემოდგომაზე, კვირაში 3 სიხშირით დავფრინავდით და დატვირთვა 60%-ს აღწევდა. დატვირთვა იზრდება, მაგრამ გადასახედია ფასი" - განაცხადა მღებრიშვილმა "საქმიანი დილას" ეთერში.

რაც შეეხება ფასებს, აკეარ ჯორჯიას შიდა ფრენების ფასები, რომელიც 2018 წელს დადებული ხელშეკრულებითაა გაწერილი, ასეთია:

  • ნატახტარი - მესტია - ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 90 ლარი ; ბავშვები (3-12) 63 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ;
  • ნატახტარი - ამბროლაური - ნატახტარი ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ;
  • მესტია - ქუთაისი - მესტია ერთი გზა: ზრდასრული 50 ლარი; ბავშვები (3-12) 35 ლარი; ჩვილები (0-3) უფასოდ.

ბათუმის მიმართულებით ფრენის ღირებულება 125 ლარი იყო, თუმცა კომპანია შემოდგომის შემდეგ რეისებს ამ მიმართულებით აღარ ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები