მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შიდა განვადებები ალტერნატიული გზაა, რომელსაც კომპანიებმა მიაგნეს"

5cd292050e5d9
ლიკა გურაბანიძე
08.05.19 12:20
1032
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციები ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანიებზე აისახა.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი კლებაა და ამას კომპანიებიც აცხადებენ. რეგულაციები განსაკუთრებით მათ რეგიონალურ წარმომადგენლობებს შეეხო.

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანიების გაყიდვების ძირითადი ნაწილი განვადებების სისტემაზე იყო აწყობილი და ბუნებრივია ამ ნაწილის ჩაკეტვამ გაყიდვების შემცირება უზრუნველყო,“ - განმარტა ლექვინაძემ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც თუ კომპანიების მიერ შეთავაზებული ახალი ტიპის პროდუქტებს სესხის სახე ექნება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ მათზეც რეგულირების ის პირობები გავრცელდეს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ შიდა განვადებების სისტემა კომპანიებისთვის ალტერნატიული გზაა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია ლოგიკურია.

„შიდა განვადებები ეს ალტერნატიული გზაა, რომელსაც კომპანიებმა მიაგნეს და ბუნებრივია ისინი ცდილობენ, შემცირებული გაყიდვები დააბალანსონ. ტექნიკის იმპორტიორი კომპანია გასცემს სესხს, თუ ეს ბანკის ფინანსური რესურსით მოხდება, ბუნებრივია ამ გაცემის შინაარსი ერთი და იგივე იქნება. ამიტომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ეს განცხადება გასაგებია, რადგან მისი სამიზნე ასეთი ტიპის ოპერაციებია,“ - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

რაც შეეხება ბიზნესთან შიდა განვადებების დაწყებაზე კომუნიკაციას ირაკლი ლექვინაძის თქმით, ამ ნაწილზე მათთან კომუნიკაცია საჭიროების არარსებობის გამო არ ჰქონია.

„რაიმე ტიპის ანალიზი არ გვქონია, რადგან ბიზნესომბუდსმენის ოფისში შიდა განვადებების ოპერაციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე აკრძალვაზე განცხადება არ შემოსულა", - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენს მიაჩნია, რომ ტექნიკის მაღაზიების შემდეგ საბანკო რეგულაციები ყველაზე მეტად დეველოპერულ კომპანიებს შეეხო.

ცნობისთვის, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სასესხო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემა მკვეთრად შეეზღუდათ. ცვლილებამ ყველაზე მეტად გავლენა მცირე ზომის სამომხმარებლო სესხებზე მოახდინა.

2019 წლის პირველ კვარტალში 5 000 ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა წინა წელთან შედარებით 25.7%-ით ანუ 406 მილიონი ლარით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები