ეროვნული ბანკის მიერ დეველოპერული სექტორის დაკრედიტების გამარტივებამ შიდა განვადებების გარკვეული ნაწილის იპოთეკური სესხებით ჩანაცვლება უნდა უზრუნველყოს - ასეთი მოლოდინი აქვს დეველოპერების ნაწილს.
როგორც „იბერკომპანის“ დირექტორმა, ლევან დიასამიძემ BMG-ის უთხრა, ნოემბერში იპოთეკური სესხების დაჩქარებაში შესაძლოა, მცირედი წვლილი სწორედ რეგულაციების შერბილებასაც ჰქონოდა.
როგორც ლევან დიასამიძე განმარტავს, ცვლილებების შედეგად იმ დეველოპერულ კომპანიებს, რომელთაც საცხოვრებელი ბინის მშენებლობის 60%-ზე მეტი დასრულებული აქვთ, მეტი საშუალება აქვთ ბინა სწორედ იპოთეკური სესხის საშუალებით გაყიდონ, შესაბამისად, კომპანიებს საბანკო დაფინანსებაზე წვდომა უფრო ადრე გაუჩნდეთ.
“როდესაც დეველოპერული კომპანიები ერთვებოდნენ ბანკების იპოთეკურ პროგრამებში, მოთხოვნა “ექვითიზე”, კომპანიის თანამონაწილეობაზე პროექტში გაზრდილი იყო 30%-მდე. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას საკუთარი რესურსით 30%-იანი მონაწილეობა უნდა ჰქონოდა პროექტში და მხოლოდ 70% იყო სესხით მოზიდული რესურსი. ეს საკმაოდ რთული მოთხოვნაა დასაკმაყოფილებლად. ამ ცვლილების საფუძველზე კი, როდესაც პროექტი 60%-მდეა დასრულებული, კომპანიას შეუძლია ჩაერთოს იპოთეკურ პროგრამაში, გასცეს ბანკმა იპოთეკური სესხები და ამ შემთხვევაში კაპიტალის მოთხოვნა მცირდება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა და იპოთეკური სესხების გაცემას გაამარტივებს.
კომპანიებს, რომლებიც აქამდე შიდა განვადებებზე იყვნენ გადართულები, საშუალება ექნებათ რესურსზე წვდომა უფრო ადრე გაუჩნდეთ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ადრე თუ დეველოპერული კომპანიები შიდა განვადებებს გასცემდნენ, ახლა შიდა განვადებების გარკვეული რაოდენობა გადაინაცვლებს ბანკში იპოთეკური სესხის სახით. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კომპანიებს გამოუთავისუფლდებათ გარკვეული რესურსები, რაც გააიაფებს საპროცენტო ხარჯს”, - აცხადებს ლევან დიასამიძე.
ნოემბერში საქართველოში 4458 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, რომელთა ჯამური ღირებულება 451 მილიონი ლარი იყო. რაოდენობრივად იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით, ხოლო გაცემული კრედიტების ღირებულება 17%-ით გაიზარდა.
ამასთან, ეროვნული ბანკმა უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესები გაამარტივა, რაც დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. სებ-ში აცხადებენ, რომ ცვლილებები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტებს გააძლიერებს და მომხმარებელთა უფლებებს უკეთ დაიცავს.



























