"ოცნების" პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, რომელიც საზღვაო ტრანსპორტსა და შიდა წყლებში მიმოსვლის წესებს არეგულირებს. სიახლეები გამკაცრებულ სანქციებს ითვალისწინებს.
ახალი ჯარიმა სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისთვის
კოდექსს ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ემატება: საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განლაგებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე უნებართვო ასვლა/შეღწევა, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოეწვია მისი დაზიანება. ამ ქმედებისთვის ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 500 ლარით. ეს ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შევა.
გამკაცრებული რეგულაციები შიდა წყლებში ნაოსნობისთვის
კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობასთან დაკავშირებით, რომლებიც ძალაში 2026 წლის 1-ლი იანვრიდან შევა:
- რეგისტრაციისა და აღნიშვნის წესების დარღვევა: სატრანსპორტო საშუალების მართვა შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის აღნიშვნის გარეშე, ან შეჩერებული რეგისტრაციით, ფიზიკური პირისთვის 500-ლარიან, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმები გაორმაგდება – ფიზიკური პირისთვის 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის – 2000 ლარი.
- ნაოსნობის წესების დარღვევა: შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირები 500 ლარით, ხოლო იურიდიულ პირს 1000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებითი დარღვევისთვის ჯარიმები, 1000 და 2000 ლარი იქნება.
- ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილი დარღვევები: თუ შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, ის 5 000 ლარით დაჯარიმდება.
- სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევა: შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა ფიზიკური პირისთვის 500-ლარიან, ხოლო იურიდიული პირისთვის 1000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
"ოცნების" პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.




























