მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიდსის პროგრამების დაფინანსება გლობალურადაა შემცირებული - ნატალია ზაქარეიშვილი

შიდსი

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პროგრამის ანალიტიკოსის, ნატალია ზაქარეიშვილის განცხადებით, გლობალურად შიდსის მკურნალობისა და საპრევენციო პროგრამების დაფინანსება დონორების მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში "საქმიანი დილა" ისაუბრა.

შიდსის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება, საქართველო უკვე 34 წელია უერთდება. ღონისძიების ფარგლებში ყოველ წელს განსაკუთრებული ყურადღება კონკრეტულ თემას ეთმობა. 2025 წლის დევიზია „დავძლიოთ სირთულეები, გავაძლიეროთ პასუხი შიდსის ეპიდემიაზე“, რომელიც ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გლობალურ დონეზე აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლას ახლავს.

„გლობალურად დაფინანსების შემცირებამ შექმნა რეალური რისკი, რომ ეპიდემიის კონტროლი გაცილებით რთული გახდება. ფინანსური კრიზისი ნიშნავს სერვისებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, გვიან ტესტირებას, გვიან დიაგნოსტირებას - ეს კი თავის მხრივ ზრდის ვირუსის გავრცელების შანსს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ განსაკუთრებით საფრთხის შემცველია მაღალი რისკის მქონე ჯგუფებში სერვისების შეფერხება.

ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსები ყოველწლიურად იზრდება, ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო დონორებზე. ამ ფონზე გლობალურად დაფინანსების შემცირება ქართულ კონტექსტშიც სერიოზულ გამოწვევას ქმნის.

„დღეს არსებული პროგრესით, მსოფლიოში დაახლოებით 27 მილიონი ადამიანია გადარჩენილი, თუმცა ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ ეპიდემიის გაღვივება მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი პროგრესი შევინარჩუნოთ ვინაიდან, ნებისმიერი ეპიდემიის თუ დაავადების მართვა არ არის მხოლოდ დღევანდელ დღეზე დამოკიდებული. ჩვენი გადადგმული სწორი ან არასწორი ნაბიჯების შედეგს ჩვენ 5-10-15 წლის შემდეგ ვხედავთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად შევაფასოთ რისკები“, - ამბობს UNFPA-ს წარმომადგენელი.

ზაქარეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შიდსის საერთაშორისო კვირეული წელს განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩევა, რადგან სტიგმა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხებზე მუშაობა და პროგრამების უწყვეტი ფინანსური მხარდაჭერა განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა მსოფლიო ეპიდემიის შეკავებას მომავალ ათწლეულებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები