მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შიმშილობის 30-ე დღეს თემურ ქათამაძე გამოკვლევებისთვის კლინიკაში გადაიყვანეს

თეიმურაზ ქათამაძე

ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი], შიმშილობის 30-ე დღეს, კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ “ბათუმელები” თემურ ქათამაძის მეგობარზე დაყრდნობით წერს.

„დილას ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო. ცუდად გამოიყურებოდა, წვერიც არ ჰქონდა გაპარსული, მაგრამ სულიერად მხნედ იყო. საბუთებს აგროვებს თავის საქმეზე. ახლა ადვოკატს ვესაუბრე და მითხრა, რომ კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქათამაძის მეგობარმა ნინო კაკულიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი მარიამ გაბროშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კლინიკაში აუცილებელი გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს.

„ბოლოს გუშინ, 14 თებერვალს მოვინახულე ბატონი თემური. შიმშილობის ამ ვადაზე ბუნებრივია აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება, რასაც თან ახლავს სისუსტეც. თუმცა თავს მაინც კარგად გრძნობს. გუშინვე მაცნობა, რომ დღეს გეგმავდა დათანხმებოდა კლინიკაში გადასვლას გამოკვლევების ჩატარების მიზნით", – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ გაბროშვილმა.

თემურ ქათამაძე თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში შიმშილობდა.

როგორც ცნობილია, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 და შემდეგ 16 იანვარს დააკავა. ადმინისტრაციული წესით, 2025 წლის 11 იანვარს დაკავებისას, იგი მიიყვანეს ბათუმის პოლიციის სამმართველოში. დაკავებული უთითებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა და მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ სამართალდამცავებს შორის იყო ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც თემურ ქათამაძე გამოიკითხა 2025 წლის 22 იანვარს.

16 იანვარს თემურ ქათამაძე ხელახლა დააკავეს და გადაიყვანეს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 18 იანვრის ბრძანების საფუძველზე, მისი გაძევების საქმის განხილვამდე, იგი მოთავსდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე, მან სრული შიმშილობა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები