#შინ ევროპისკენ - დღეს, 20:00-ზე პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორი ისევ მოძრაობა „სირცხვილია“ არის.
როგორც 20 ივნისს გამართულ აქციაზე მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 24 ივნისს წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი.
20 ივნისის აქციაზევე შოთა დიღმელაშვილმა მანიფესტის ტექსტი წაიკითხა.
"დადგა დრო, დიდი ხნის წინ გაკეთებული ჩვენი ისტორიული არჩევანი ერთად დავიცვათ. რამდენიმე თაობაში ერთს ერგება უდიდესი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი. და თუ თაობიდან თაობამდე, ისევ და ისევ, ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მონობას – ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს გადაშენება არ უწერია.
აქ შეკრებილი მოქალაქეები ვაცნობიერებთ რა, რომ მტრის წინააღმდეგ ძალა – ერთობაშია, ვერთიანდებით ევროპული მომავლის იდეით და ვიწყებთ ახალ სახალხო მოძრაობას, რომელიც დააბრუნებს ჩვენს სამშობლოს შინ, ევროპაში.
თითოეული მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს ის – ხელოვანი, სპორტსმენი, მეცნიერი, ჯარისკაცი, პედაგოგი, პოლიციელი, ინჟინერი თუ საჯარო მოხელე – ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თაობათა მიერ გაღებული მსხვერპლი დამოუკიდებლობისთვის – გავერთიანდით ეროვნული მიზნით – საქართველო ევროკავშირში.
ქართველი ხალხი სრულად ვაცნობიერებთ და უკვე ევროკავშირიც ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე ერთი მთავარი პრობლემა ეღობება. ჩვენ ვიცით მისი ფორმა, სახელი და გვარი – ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი.
აქ ამ გამზირზე ერთად დგომით შეძლეს ჩვენმა ევროპელმა წინაპრებმა, რომ 1918 წლის 26 მაისს გამოეცხადებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა; სწორედ აქ ერთად დგომით შევძელით 1991 წლის 9 აპრილს და აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა; და დღეს, 2022 წლის 20 ივნისს, ისევ აქ ვდგავართ ერთად, და ვდებთ პირობას, რომ საქართველო ისევ გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის წევრი.
ამ პირობას ვდებთ სწორედ იმ დღეს, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტისა და დასავლური კურსის დასაცავად, ჩვენ ერთხელ უკვე გადავიტანეთ დიდი ბრძოლა. და რომელიც იქცევა დღედ, როდესაც ქართველი ხალხი კედლების შენების ნაცვლად აღმართავს ხიდებს, ამაღლდება საკუთარ განსხვავებებზე და დაიწყებს გადამწყვეტ ბრძოლას, რათა საქართველო ევროპისკენ, ევროპა კი საქართველოსკენ შეაბრუნოს.
2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!
ამიტომ 24 ივნისს თქვენ წინაშე წარსდგება ახალი მოძრაობა, რომლის სათავეშიც იდგება ხალხი.
ჩვენი მოწოდებაა, შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც გაგვაერთიანებს ყველას: სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების წინაშე.
ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობა განაპირობებს მასობრივ დაუმორჩილებლობას. ფეხზე დადგება საქართველოს ყველა რეგიონი და ქალაქი, რათა არაძალადობრივი წინააღმდეგობის ტალღამ წალეკოს ყველა, ვინც ჩვენ ქვეყანას შინ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობება.
მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან, თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება.
ვიდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ! წინ ევროპისკენ! შინ ევროპისკენ", - წერია "სირცხვილიას" მანიფესტში.