მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შინაური ცხოველების საკვების წარმოება დავიწყეთ, რაც მათ ქცევასაც არეგულირებს - „ჭკვიანი თხილი“

63bfc9470e17b
თინათინ ნატმელაძე
12.01.23 23:37
741
თხილეულის პასტის მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა, რომელიც „ჭკვიანი თხილის“ სახელითაა ცნობილი, ძაღლის საკვების წარმოება დაიწყო. კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ანდრიაძემ BM.GE-თან განაცხადა, რომ პროდუქტი შინაური ცხოველების ქცევის რეგულირებისთვისაც კარგი საშუალება.

„2022 წელს ახალი ხაზი „ჰამ-ჰამი“ გამოვუშვით, რომელიც შინაური ცხოველების საკვებია. საქართველოში ვეტერინარების უმეტესობამ არ იცის, რომ მცირე რაოდენობით თხილი, რომელიც სუფთაა, დაუმუშავებელი და დანამატების გარეშე, ძაღლების ერთ-ერთი საყვარელი საკვებია. ამავე დროს კარგი საშუალებაა მათი ქცევის რეგულირებისთვისაც. ამჟამად პროდუქტი ონლაინ იყიდება და მისი საფასური 12 ლარია, თუმცა 2023 წელს ამ ხაზზე აქტიურად მუშაობას ვგეგმავთ, რადგან ძალიან პერსპექტიულია. ამჟამად მოლაპარაკებებს ცხოველების რამდენიმე მაღაზიასთან ვაწარმოებთ და უახლოეს მომავალში გამოვჩნდებით.

ბევრი სახის ექსპერიმენტს ვატარებთ, ასევე გამოვუშვით ყავის სკრაბი ნუშის პასტის ბაზაზე, რომლის შემადგენლობაშიც ყავა, ნუშის პასტა, ზღვის მარილი და "E" ვიტამინია, მისი საფასური არის 15 ლარი და საერთო ჯამში ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. მცირე რაოდენობა იაპონიაში ექსპორტზეც გავგზავნეთ და წლის ბოლოს რეალიზების 60% სწორედ ექსპორტმა შეადგინა, დანარჩენი კი ადგილზე გაიყიდა,“ - ამბობს „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელი.

მისივე ცნობით, 2022 წელი გამოწვევებთან ერთად მაინც წარმატებული გამოდგა.

„კარგი წელი იყო, რადგან ეს პატარ-პატარა ნაბიჯები ჩვენთვის დიდი წარმატებაა. არსებობს გამოწვევებიც, ჩვენ ყველაფერს პირადი ინვესტიციებით, გრანტებისა და სესხების გარეშე ვაკეთებთ, რადგან ასე უფრო კომფორტულად მიგვაჩნია, თუმცა ყველა ნაბიჯი საკმაოდ დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, მუდმივად რეინვესტირებას ვახდენთ და წინ ნელ-ნელა მივიწევთ,“ - განმარტავს ნინო ანდრიაძე.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ „ჭკვიან თხილს“ სერტიფიცირებული ქარხანა აქვს, სადაც 10 ადამიანია დასაქმებული. მათი პროდუქციის შეძენა კი „აგროჰაბში“, „წერტში“, „soplidan.ge”, „extra.ge” და კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზეა შესაძლებელი.