მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შიშით, რომ ინდოელი ტურისტი საქართველოში დარჩება, მათთვის საზღვრის ჩაკეტვა მიუღებელია" - ერეკლე კოკაია

ინდოელი ტურისტები

რამდენიმე წელია საქართველოში ინდოელი ტურისტებისთვის ციფრული ვიზების გაცემის პრობლემა დგას. აღნიშნული გამოწვევიდან გამომდინარე, ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. "Inn ჯგუფის" სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" საუბრისას ამბობს, რომ ინდოეთის ბაზრიდან მოთხოვნა დიდია, თუმცა ამ პრობლემის გამო, ისინი საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ, რაც ტურისტულ ბიზნესს აზარალებს.

მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო სექტორის, კერძოდ ტურიზმის ადმინისტრაციის პოზიცია შემდეგია - არსებობს საფრთხე, რომ ციფრული ვიზების გაცემის შემთხვევაში, ტურისტული მიზნით ჩამოსული ინდოელი მოგზაური, შესაძლოა, ქვეყანაში საცხოვრებლად დარჩება, სწორედ ამიტომ, პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

"იმის შიშით, რომ შეიძლება დარჩნენ, ტურიზმს, რომელიც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია, ასე ჩავუკეტოთ საზღვრები, მიუღებელია. თან ამ დროს ასეთი შემთხვევების სტატისტიკაც არ არსებობს.

გარდა იმისა, რომ თავად ტურისტები იკავებენ თავს, ყველა ის ტურისტული კომპანია, რომელიც ამ სეგმენტზე მუშაობდა, საქართველოში ჯგუფების შემოყვანას აღარ რისკავს. იყო მცდელობა, მაგრამ ჩამოსული 100 ტურისტიდან 30 შეიძლება უკან გააბრუნონ, ამ შემთხვევაში კი კომპანია ძალიან დიდ ზარალზე მიდის და ამ რისკის საკუთარ თავზე აღება არ უღირთ", - ამბობს ერეკლე კოკაია.

"Inn ჯგუფის" სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ ბიზნესი მზადაა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან პასუხი ამ საკითხზეც არ აქვთ. საჯარო სექტორში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში დადგინდება ზუსტი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ინდოელი ტურისტების საქართველოში შემოშვება შესაძლებელი იქნება.

"ძალიან ბევრი ტურისტული კომპანია არსებობს, რომლებსაც დიდი რაოდენობით ინდოელი ტურისტები შემოყვანა შეუძლიათ და ამბობენ, რომ მე თვითონ ვიქნები ფინანსური თავდები, რომ თუ დარჩებიან მე ჯარიმას გადავიხდი - ეს ერთ-ერთი შემოთავაზებაა.

ჩვენ, კერძო სექტორი, მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რისიც სახელმწიფოს ეშინია და ჯარიმა გადავიხადოთ", - აღნიშნავს კოკაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები